საფრანგეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობაში, ვიდრე რუსეთის ფედერაციასთან „მუდმივი მშვიდობის“ შესახებ შეთანხმება არ მიიღწევა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა. იუწყება Le Monde.
საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მშვიდობა „არ შეიძლება გაფორმდეს რაიმის ფასად და რუსეთის დიქტატით, რაც უკრაინის კაპიტულაცია იქნება.
„მშვიდობისკენ გზა უკრაინის მიტოვებით ვერ მიიღწევა. ვერ შევძლებთ მშვიდობის მიღწევას ნებისმიერ ფასად, რუსული დიქტატის მიხედვით. მშვიდობის საფასური უკრაინის ჩამოშლა ვერ იქნება და ეს ვერც სუსტ ცეცხლის შეწყვეტაზე იქნება დამყარებული“, - განაცხადა მაკრონმა.
მაკრონმა გაიხსენა, რომ რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, 2015 წელს კი უკვე მინსკის ხელშეკრულებები გაფორმდა, რაც მოსკოვის მიერ მათი დარღვევის გამო წარუმატებელი აღმოჩნდა.
„დღეს რუსეთს სიტყვას ვეღარ ვენდობით. უკრაინას აქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების უფლება და ეს ჩვენი და ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების ინტერესებში შედის. ეს არის ის, რაზეც ვმუშაობთ ჩვენს ბრიტანელ, გერმანელ და რამდენიმე სხვა ევროპელ მეგობართან ერთად“, - განაცხადა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების შესახებ, რომელიც შესაძლოა „ზედმეტად მყიფე“ აღმოჩნდეს.
მაკრონმა ასევე ილაპარაკა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებისა და კიევსა და ვაშინგტონს შორის სადაზვერვო ინფორმაციების გაზიარების შეწყვეტის შესახებ.
მან ახსენა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის „დაახლოება“ და გაიხსენა, რომ აშშ-მა და რუსეთმა მოლაპარაკების მაგიდასთან არ მიიწვიეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპის ქვეყნების ლიდერები.
"მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს მხარეს დარჩება. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს ასე არ იქნება", - თქვა მაკრონმა.