მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ქართულ ბაყაყზე დიდი მოთხოვნაა, საქართველოში ევროპული ბაყაყისადმი ინტერესი დაბალია.
"საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოში 100 კგ. ბაყაყის თათების იმპორტი განხორციელდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ბაყაყის თათების იმპორტი არ გაზრდილა და 2009-2010 წლებში საქართველოში 100-100 კილო ბაყაყის თათები შემოდიოდა. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ტურისტთა რაოდენობა 2010 წელს 36 %-ით გაიზარდა და ბაყაყის თათებით კი ძირითადად უცხოელი ტურისტები იკვებებიან.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში ბაყაყის თათების ფასი გაიზარდა.
"საქსტატის" ცნობით, 2009 წელს საქართველოში 800 დოლარის ბაყაყის თათები შემოვიდა, ანუ 1 კგ. 8 დოლარად, ხოლო 2010 წელს საქართველოში 2 ათასი დოლარის ღირებულების ბაყაყის თათია შემოსული, ანუ 1 კგ. 20 დოლარად.
სამაგიეროდ მზარდია ქართული ბაყაყის თათების ექსპორტი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს საფრანგეთში 1100 კგ. ბაყაყის თათების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2009 ქვეყნიდან საფრანგეთში მხოლოდ 4 175 კგ ცოცხალი ბაყაყი გაიყვანეს.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ბაყაყის ექსპორტი უფრო დაიხვეწა, რადგანაც საკვებად მხოლოდ თათებია გამოსაყენებელი და ცოცხალი ბაყაყების გაყვანა ქვეყნიდან ექსპორტიორს დიდ მოგებას არ უტოვებდა.
საქსტატის ინფორმაციის თანახმად, 2009 წელს საქართველოდან 14 ათას 612 დოლარის ღირებულების, 250 ათას 500 ცალი ბაყაყი გაიყვანეს, ანუ ერთი ცოცხალი ბაყაყი 0.05 დოლარად.
გურმანთა შეფასებით, ქართულ ბაყაყს საკმაოდ გემრიელი ხორცი აქვს და გემური თვისებებით ის განსხვავებულია. ამიტომ ქართულ ბაყაყებზე მოთხოვნა მაღალია არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში, აშშ-ში, ავსტრიასა და სამხრეთ ამერიკაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ფრინველისა და ღორის გრიპის ასევე სხვა ვეტ-დაავადებების გავრცელების პარალელურად, ევროპაში ბაყაყზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.
მას თეთრი ხორცი აქვს და გემოთი ქათმის ხორცს ჰგავს. ზოგიერთები მის გემოს შემწვარ თევზს ადარებენ.
ბაყაყის ხორცს შებოლილი სახითაც ინახავენ და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურისტებსა და ალპინისტებში.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ბაყაყების ექსპორტი 1960-1980 წლებში დაიწყო და, ყოველწლიურად, ცოცხალი და სპეციალიზირებული სახით საფრანგეთსა და იტალიაში 80 ტონა ბაყაყი გაქონდათ.
ამჟამად საერთაშორისო ბაზარზე 1 კგ ბაყაყის ფასი 4-დან 6 დოლარამდეა.
ბაყაყისებრთა ოჯახი 200-ზე მეტ სახეობას აერთიანებს. ამ გვარშია გაერთიანებული ყველაზე პატარა (30 მმ-მდე) და ყველაზე დიდი უკუდო ამფიბია (ბაყაყი-გოლიათი 325 მმ სიგრძისაა). საქართველოში გვხვდება ტბის ბაყაყი, რომელიც ზომით ყველაზე დიდია ჩვენი ფაუნის ამფიბიებს შორის. სხეული ზემოდან მუქი მწვანე აქვს და მუქი ხალები აყრია. ზურგის გასწვრივ ხშირად გასდევს ნათელი ზოლი. ბინადრობს ნაირგვარ წყალსატევში. მთაში გვხვდება ზღვის დონიდან 2500 მ-მდე. მთელ ცხოვრებას ატარებს წყალში ან წყლის მახლობლად ბაყაყი დებს 9000-მდე ქვირითს. ტბის ბაყაყის თავკომბალების გროვები არსებით როლს თამაშობს ნივთიერებათა წრებრუნვაში;