სენატორმა დემოკრატიული პარტიიდან, ელისა სლოტკინმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ და დასძინა, რომ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომლის ფრაზაც „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ ტრამპმა გაიმეორა, შოკირებული იქნება. ამის შესახებ The Washington Post იუწყება.
„პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს, თავის მილიარდერ მეგობრებს უპრეცედენტო საჩუქრები ჩამოურიგოს. ის ეძებს ტრილიონობით დოლარს, რათა გადასცეს ამერიკის უმდიდრეს ხალხს. ამისათვის ის გაიძულებთ, გადაიხადოთ თქვენი ცხოვრების ყველა სფეროსთვის. საკვებსა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე ფასები იზრდება და არა – მცირდება. მას არ წარუდგენია რაიმე სანდო გეგმა ამასთან გასამკლავებლად. კანადის მსგავს მოკავშირეებზე დაწესებული ტარიფები ფასებს გაზრდის ენერგომატარებლებზე, ხე-ტყის მასალებზე, ავტომობილებზე და დაიწყება სავაჭრო ომი, რომელიც ზიანს მიაყენებს წარმოებასა და ფერმერებს. თქვენი სადაზღვევო შენატანები და რეცეპტები უფრო ძვირი დაგიჯდებათ, რამდენადაც მისი გათვლები არ მუშაობს. ამასობაში იზრდება ეროვნული ვალი. ის არ ფრთხილობს და შეიძლება რეცესიაში გადაგვაგდოს. თავისი გეგმის განსახორციელებლად, შეიძლება, მიადგეს თქვენს საპენსიო დანაზოგებს, სოციალურ უსაფრთხოებას, „მედიქეარს“ და ვეტერანების პროგრამას, რისთვისაც თქვენ მთელი ცხოვრება შრომობდით. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ამას არ იზამს, მაგრამ ილონ მასკმა სოციალური უსაფრთხოება ყველა დროის ყველაზე დიდ პირამიდულ სქემად გამოაცხადა“, - აღნიშნა სენატორმა.
მისი თქმით, ტრამპს უყვარს გამეორება ფრაზის „მშვიდობა ძალის მეშვეობით“. ეს არის ფრაზა, რომელიც მან მოპარა რონალდ რეიგანს.
„ამერიკა იმიგრანტების ქვეყანაა. პრეზიდენტ ტრამპს უყვარს ამის თქმა: მშვიდობა ძალის მეშვეობით. ეს ფრაზა რონალდ რეიგანისგან მოიპარა, მაგრამ გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში გამართული სპექტაკლის შემდეგ რეიგანი ალბათ საფლავში ბრუნავს. ჩვენ ყველას გვსურს უკრაინაში ომის დასრულება, მაგრამ რეიგანს ესმოდა, რომ რეალური ძალა მოითხოვს, ამერიკამ გააერთიანოს ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური ძალა მორალურ სიცხადესთან” – განაცხადა ელისა სლოტკინმა.
სენატორმა აღნიშნა, რომ როგორც ცივი ომის ბავშვი, ის მადლობელია, რომ რეიგანი იყო ხელისუფლებაში 1980-იან წლებში და არა ტრამპი, რადგან „ტრამპი ცივ ომს წააგებდა“.
სლოტკინმა დემოკრატიული პარტიის პასუხი აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლაზე შეაფასა, როგორც მოწოდება "პასუხისმგებლიანი" მმართველობისკენ და არა "უგუნური" ხელმძღვანელობისკენ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის ქმედებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის ეკონომიკური სიკვდილი.
"ტრამპი ფიქრობს, რომ შეიძლება ეფლირტაო ვლადიმირ პუტინის მსგავს დიქტატორებს და კბილებში დაარტყა კანადელების მსგავს ჩვენს მეგობრებს. ის ამერიკის ხელმძღვანელობას ხედავს, როგორც უძრავი ქონების ოპერაციების სერიას... ტრამპის ქმედებები აჩვენებს, რომ მას გულის სიღმეში არ სჯერა, რომ ჩვენ განსაკუთრებული ერი ვართ", - თქვა სენატორმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სლოტკინი დემოკრატიული პარტიის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. მან მოიგო არჩევნები მიჩიგანში, მერყევ შტატში, სადაც ასევე გაიმარჯვა პრეზიდენტმა ტრამპმა.