გიორგი ბაჩიაშვილს უთხარით ღამე არ დაიძინოს იმიტომ, რომ მისწვდებიან ქართველი სამართალდამცველები - ფხიზლად იყოს - თუ სადმე არსებობს მართლა ის ხვრელი, რომელშიც გაძვრა და გაეტია, ამასაც მოვიძიებთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რომელი ხვრელიდან გაძვრა ბაჩიაშვილი, მე ნამდვილად არ ვიცი, ან ამ ხვრელიდან გაძრომაში ვინ დაეხმარა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი უწყებები ამ საკითხს გამოიძიებენ და თუ ვინმეს რამე კავშირი ექნება მასთან, თუ ვინმემ ხელი შეუწყო მას, რომ უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს საზღვარი, რა თქმა უნდა, ეს ადამიანებიც იქნებიან პასუხისგებაში მიცემული. რაც შეეხება ბაჩიაშვილს - ის ქართულ მართლმსაჯულებას ვერსად გაექცევა. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს და რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ეგონოს თავი უსაფრთხოდ, ქართული მართლმსაჯულება მას ყველგან მისწვდება და იმ დანაშაულებზე, რომელიც მან უკვე ჩაიდინა და იმ დანაშაულზე, რომელიც ახლა დაამატა ქვეყნიდან გაპარვით, რა თქმა უნდა, მას მოუწევს შესაბამისი პასუხისგება. სისტემის მორღვევა რაში გამოიხატება, მე არ ვიცი. თქვენ იცით, რომ შესაბამისი უწყებები მუშაობენ. თუ სადმე არსებობს მართლა ის ხვრელი, რომელზეც თავად ბაჩიაშვილი საუბრობდა და რომელშიც, როგორც ჩანს, გაძვრა და გაეტია, რა თქმა უნდა, ამასაც მოვიძიებთ და შესაბამის ზომებს მივიღებთ”, - განაცხადა ბოჟაძემ.
მისი თქმით, ქვეყნიდან შეიძლება გაიპაროს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უნდა რომ კანონი დაარღვიოს.
„ბაჩიაშვილს ჰქონდა [ქვეყნიდან] გაუსვლელობაზე ხელისმოწერა, ჩამორთმეული ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტები. თქვენ გგონიათ ბაჩიაშვილს, თუ ნებისმიერ ეჭვმიტანილს უნდა სდიოს სახელმწიფო სისტემამ?! გავარკვევთ, რა სივრცე გამოიყენა მან. შესაძლოა, ეს იყოს აფხაზეთის, ან სამაჩაბლოს მიმართულება. თუ რუსეთშია თქვენი ძვირფასი ბაჩიაშვილი ამასაც დავადგენთ“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ბრაზობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე, ბოჟაძემ უპასუხა: „არ მგონია, ბიძინა ივანიშვილი ვინმეზე ბრაზდებოდეს, მით უმეტეს, ბაჩიაშვილზე. [რატომ?] რა ვიცი, ასეთი ადამიანია, არავისზე ბრაზდება“.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაში არსებული ხვრებელი და ადამიანებიც" გამოიყენა. ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება.