დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დაეხმარა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ „ზეთისხილის ტოტი“ გაეწოდებინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში მათი შელაპარაკების შემდეგ. ამის შესახებ The Telegraph წერს.
გამოცემა იტყობინება, რომ სამშაბათს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, რათა გადაეცა მისთვის "ხისტი სიმართლე" და ურჩია, რა უნდა მოისმინოს ტრამპმა, ვიდრე მოლაპარაკებები ნორმალურად რელსებზე დაბრუნდება.
ამის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელ X-ზე, სადაც შეაქო აშშ-ის პრეზიდენტის "ძლიერი ლიდერობა", მადლიერება გამოხატა მისი ქვეყნის სამხედრო დახმარებისთვის და განაცხადა, რომ ის წუხს მომხადრი დაპირისპირების გამო.
ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა ტრამპთან „მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“ და ხელი მოაწეროს შეთანხმებას წიაღისეულის შესახებ და რომ ის მხარს დაუჭერს ცეცხლის შეწყვეტას ზღვაზე და ჰაერში.
ზელენსკის შეტყობინება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა შეაჩერა სამხედრო დახმარება კიევისთვის.
სტარმერი ორშაბათს ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს.
The Telegraph, წყაროებთან საუბრისას, ასკვნის, რომ ბრიტანეთს და მის ევროპელ მოკავშირეებს სურდათ გამოეყენებინათ თბილი ურთიერთობა უკრაინის ლიდერთან, რომელიც აჩვენეს ლონდონის სამიტზე, რათა „მისთვის მიეწოდებინათ მძიმე სიმართლე“.
დიდი ბრიტანეთის მთავრობას მიაჩნდა, რომ გადაუდებელი აუცილებლობა იყო ხაზის გავლება, მაგრამ ვესტმინსტერში არსებობს შეშფოთება, რომ ზელენსკის პოსტი საკმარისი არ არის, რადგან ვაშინგტონის პოზიცია უფრო მკაცრი ხდება.
კონგრესში რეკორდულად ხანგრძლივი სიტყვით გამოსვლის ბოლო ნაწილში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ კიევი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან, რაც შეიძლება მალე დაჯდეს, რათა მდგრად მშვიდობას მიაღწიოს. ტრამპის თქმით, აფასებს ამ წერილს.