ENG / RUS       12+

დონალდ ტრამპის კონგრესში სიტყვით გამოსვლის მთავარი გზავნილები

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე მიმართვა დაიწყო გზავნილით "ამერიკა დაბრუნდა".

"ექვსი კვირის წინ, ვიდექი კაპიტოლიუმის თაღებქვეშ და გამოვაცხადე ამერიკის ოქროს ხანის გარიჟრაჟის დასაწყისი. იმ მომენტიდანვე ეს არის სწრაფი და შეუპოვარი წინსვლა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდებულესი და წარმატებული ეპოქის დასაწყებად", - თქვა მან.

მისი თქმით, 43 დღეში ტრამპის ადმინისტრაციამ მიაღწია იმაზე მეტს, ვიდრე სხვა ადმინისტრაციების უმეტესობამ ოთხ ან რვა წელიწადში.

თავის მიმართვის დასაწყისში, დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც ახსენა და მას კიდევ ერთხელ უწოდა "ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში", რასაც უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა დემოკრატებს შორის.

დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა დემოკრატიული პარტიის წევრებზეც, რომლებიც საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ პრეზიდენტის განცხადებებს.

"ვუყურებ ჩემს წინაშე მსხდომ დემოკრატებს და ვხვდები, რომ აბსოლუტურად ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რომ მათი გახარება შევძლო, რათა წამოდგნენ, გაიღიმონ ან ტაში დაუკრან", - თქვა მან.

მიმართვის ძირითადი ნაწილი დონალდ ტრამპმა შიდაპოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს დაუთმო.

პრეზიდენტმა თავისი მიმართვა იმ აღმასრულებელი განკარგულებების მიმოხილვით დაიწყო, რომელსაც პრეზიდენტობის პირველივე დღეს მოაწერა ხელი.

ტრამპა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დაწყებისთანავე, მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რითაც "შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი გენდერი, მამრობითი და მდედრობითი".

დონალდ ტრამპმა შეაქო თავისი მჭიდრო მოკავშირს, ილონ მასკისა და მასზე დაქვემდებარებული მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მუშაობა, რომელიც მათ "ხარჯების შემცირების მიმართულებით გასწიეს".

ტრამპის თქმით, დეპარტამენტმა სხვა მრავალთა შორის, შეკვეცა 8 მილიონი დოლარის ხარჯი, რომელიც მისი თქმით, გამოიყენებოდა ლგბტქ ადამიანების პოპულარიზაციისთვის ლესოტოში - "ქვეყანაში, რომელის შესახებაც არავის სმენია".

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გეგმავს, მკვეთრად გააფართოვოს აშშ-ში კრიტიკული მინერალებისა და იშვიათ მიწათა ელემენტების მოპოვების სამუშაოები.

"ამ კვირის ბოლოს მივიღებ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ ყველაზე მნიშვნელოვან იშვიათ მიწათა ელემენტებისა და მინერალების მოპოვება აქ, შეერთებულ შტატებში", - თქვა მან.

ამავდროულად, პრეზიდენტი ტრამპი გადასახადების შემცირების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, უახლოეს ხანებში მომზადდება ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს "გადასახადების შემცირებას ყველასთვის".

"დარწმუნებული ვარ, თქვენ ხმას მისცემთ გადასახადების შემცირებას", - თქვა ტრამპმა და მზერით დემოკრატებს მიმართა, "რადგან სხვაგვარად არ მგონია, რომ ხალხმა ოდესმე მოგცეთ ხმას თანამდებობაზე ასარჩევად".

ამასთან, დონალდ ტრამპმა გამაფრთხილებელი გზავნილით მიმართა ფედერალურ უწყებებში დასაქმებულ პირებს და განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდება ყველა, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის აღსრულებას.

"ჩემი ადმინისტრაცია დაიბრუნებს ძალაუფლებას ამ უპასუხისმგებლო ბიუროკრატებისგან და კვლავ დავაბრუნებთ ნამდვილ დემოკრატიას ამერიკაში. ნებისმიერი ფედერალური ბიუროკრატი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ცვლილებებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდება სამსახურიდან. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ჭაობს ვაშრობთ, უნდა დასრულდეს არარჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები", - თქვა მან.

დონალდ ტრამპმა "ოქროს ბარათის" ინიციატივაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიღებული შემოსავალი შეამცირებს აშშ-ის ვალს.

ტრამპის თქმით, "ოქროს ბარათის" ფასი 5 მილიონი დოლარი იქნება და იგი დაემხარება დაინტერესებულ პირებს მოიპოვონ ამერიკის მუდმივი ბინადრობა და შემდგომში მოქალაქეობა.

"მაშინ როდესაც კრიმინალებს, ტრეფიკიორებს, ბავშვთა გამტაცებლებსა და მკვლელებს გავაძევებთ ქვეყნიდან, გზას გავუხსნით ბრწყინვალე, შრომისმოყვარე, სამუშაო ადგილების შემქმნელ ადამიანებს. ისინი გადაიხდიან დიდ ფულს და ჩვენ ვაპირებთ ამ თანხით დავალიანების შემცირებას", - თქვა მან.

დონალდ ტრამპმა თავისი მიმართვის ნაწილი ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს, ტარიფების დაწესებას დაუთმო.

მას შემდეგ, რაც კანადასა და მექსიკას 25%-იანი ტარიფები დაუწესა იმპორტზე, მან კონგრესს უთხრა, რომ ტარიფების დაწესება არა მხოლოდ სამუშაო ადგილების დაცვას ეხება, არამედ "ჩვენი ქვეყნის სულის დაცვას".

"ეს ეხება ამერიკის კვლავ გამდიდრებას და მის კვლავ დიდებულად ქცევას", - თქვა ტრამპმა.

მისი თქმით, ტარიფების დაწესება უზარმაზარ ფულს მოუტანს ეკონომიკას და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

"ჩვენ მივიღებთ ტრილიონ დოლარს და შევქმნით უპრეცედენტო რაოდენობის სამუშაო ადგილებს", - აღნიშნა მან.

მან მკაცრად გააკრიტიკა კანადა და მექსიკა, რადგან "დაუშვეს ფენტანილის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში არნახული მასშტაბით".

მისი თქმით, ფენტანილის შემოდინებამ გამოიწვია ათასობით ადამიანის დაღუპვა და ოჯახების განადგურება.

ტრამპის თქმით, ორივე ქვეყანა აშშ-სგან მილიარდობით დოლარის სუბსიდიას იღებს. "ჩვენ აღარ ვაპირებთ ამის გაკეთებას", - დასძინა მან.

მანამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მკაცრი ტარიფები, რომელსაც აშშ აწესებს კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე, მიზნად ისახავს, ზეწოლა მოახდინოს ამ ქვეყნებზე, შეაჩერონ ფენტანილისა და მიგრანტების ნაკადი აშშ-ში. კანადა ამტკიცებს, რომ ის არ არის ფენტანილის მთავარი მიმწოდებელი აშშ-სთვის.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ტარიფების დაწესება არეულობას გამოიწვევს ბაზარზე, თუმცა ადმინისტრაცია მას გაუმკლავდება.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პირველივე კვირებში, მოახერხა ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

ტრამპი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი ინვესტიციები მიიღო "მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში".

მისი თქმით, ინვესტიციები მოიცავს: 200 მილიარდ დოლარს SoftBank-ისგან, 500 მილიარდ დოლარს OpenAI-სა და Oracle-სგან, 500 მილიარდ დოლარს Apple-ისგან და 165 მილიარდ დოლარს ტაივანის ნახევარგამტარების მწარმოებლისგან.

ორშაბათს, Taiwan Semiconductor Manufacturing Company-მ განაცხადა, რომ მინიმუმ 100 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებდა აშშ-ში მისი წარმოების ოპერაციების გასაძლიერებლად.

ამერიკელი კანონმდებლებისადმი მიმართვისას, დონალდ ტრამპმა ხოტბა შეასხა თავისი კაბინეტის წევრს, ჯანდაცვის მდივანს რობერტ კენედი უმცროსს და წარმატებები უსურვა ამერიკელი ხალხის ჯანმრთელობის განმტკიცებაში.

"ჩვენი მიზანია გამოვიტანოთ ტოქსინები გარემოდან, შხამები ჩვენი საკვებიდან და შევინარჩუნოთ ჩვენი შვილები ჯანმრთელები და ძლიერები", - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ კენედი საფუძვლიანად შეისწავლის აუტიზმის გაზრდილი მაჩვენებლების მიზეზებს.

წლებია, კენედი ვაქცინაციის სკეპტიკოსად ითვლება. წარსულში იგი აუტიზმს წითელას, ყბაყურას და წითურას საწინააღმდეგო ვაქცინებს უკავშირებდა. არცერთ სამეცნიერო კვლევას არ დაუდგენია რაიმე კავშირი აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის.

ტრამპმა კონგრესში გამოსვლისას, უყურადღებოდ არ დატოვა მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გრენლანდიას ეხება.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მტკიცება, რომ გრენლანდია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშნელოვანია და ამერიკა "ასე თუ ისე მას მაინც მიიღებს".

"ამაღამ მე ასევე მაქვს გზავნილი გრენლანდიის შესანიშნავი ხალხისთვის: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას განსაზღვროთ თქვენი მომავალი. და თუ გადაწყვეტთ, ჩვენ მოგესალმებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში", - ამბობს ტრამპი.

მისი თქმით, აშშ-ს გრენლანდია სჭირდება "ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის".

"ვფიქრობ, ჩვენ მას [გრენლანდიას] მაინც მივიღებთ. ასე თუ ისე, ჩვენ მივიღებთ მას."

ტრამპმა პანამის არხიც ახსენა. როგორც მან განაცხადა, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო პანამის არხის დაბრუნება. მან ასევე პირობას დადებს, რომ პანამის არხს სახელს შეუცვლის.

"ჩემი ადმინისტრაცია დაიბრუნებს პანამის არხს და ჩვენ უკვე დავიწყეთ ამის გაკეთება".

დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი გეგმავს შეერთებულ შტატებში გემთმშენებლობის აღორძინებას.

"ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გასაძლიერებლად, ჩვენ ასევე ვაპირებთ აღვადგინოთ ამერიკული გემთმშენებლობის ინდუსტრია, მათ შორის კომერციული გემებისა და სამხედრო გემების მშენებლობა."

თეთრი სახლი შექმნის ახალ ოფისს, რომელიც იმუშავებს გემთმშენებლობის საკითხებზე და შეეცდება შექმნას საგადასახადო შეღავათები ინდუსტრიის გასაძლიერებლად.

კონგრესში რეკორდულად ხანგრძლივი სიტყვით გამოსვლის ბოლო ნაწილში, დონალდ ტრამპმა უკრაინაზეც ისაუბრა.

მან უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ "დაუღალავად მუშაობს იქ ველური კონფლიქტის დასასრულებლად".

"მილიონობით უკრაინელი და რუსი უაზროდ მოკლეს ან დაჭრეს ამ საზარელ და სასტიკ კონფლიქტში, რომელსაც დასასრული არ ჩანს", - თქვა ტრამპმა. "შეერთებულმა შტატებმა ასობით მილიარდი დოლარი გაუგზავნა უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, ყოველგვარი უსაფრთხოების და ყველაფრის გარეშე".

ტრამპის თქმით, პუტინს უკრაინაში შეჭრა ბაიდენის ადმინიტრაციის მიერ ავღანეთიდან შეერთებული შტატების გამოყვანის პროცესის ჩავარდნამ უბიძგა.

"როდესაც პუტინმა დაინახა რა მოხდა, ვფიქრობ, მან თქვა: "კარგი, იქნებ ეს ჩემი შანსია." აი, რა ცუდი იყო. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. უღრესად არაკომპეტენტური ხალხი", - თქვა ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაციის შესახებ.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ კიევი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან, რაც შეიძლება მალე დაჯდეს, რათა მდგრად მშვიდობას მიაღწიოს.

ტრამპის თქმით, აფასებს ამ წერილს და დასძინა, რომ "ჩვენ ასევე გვქონდა სერიოზული დისკუსიები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის".

მან აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა მინერალების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად.

თავისი სიტყვის დასასრულს, რომელიც ერთი საათი და 40 წუთი გაგრძელდა, ტრამპმა განაცხადა, რომ იწყება ყველაზე ამაღელვებელი დღეები ამერიკის ისტორიაში.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მისი თქმით, "ჩვენ ვაპირებთ ეს ერი კიდევ უფრო მაღლა ავიყვანოთ“.

ტრამპის თქმით, აშშ გახდება "ყველაზე დომინანტური ცივილიზაცია" "ცხოვრების უმაღლესი ხარისხით".

"ჩვენ მარსზე ამერიკის დროშას აღვმართავთ".