შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე მიმართვა დაიწყო გზავნილით "ამერიკა დაბრუნდა".
"ექვსი კვირის წინ, ვიდექი კაპიტოლიუმის გუმბათის ქვეშ და გამოვაცხადე ამერიკის ოქროს ხანის გარიჟრაჟის დასაწყისი. იმ მომენტიდანვე ეს არის სწრაფი და შეუპოვარი წინსვლა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდებულესი და წარმატებული ეპოქის დასაწყებად", - თქვა მან.
მისი თქმით, 43 დღეში ტრამპის ადმინისტრაციამ მიაღწია იმაზე მეტს ვიდრე სხვა ადმინისტრაციების უმეტესობამ ოთხ ან რვა წელიწადში.
თავის მიმართვის დასაწყისში, დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც ახსენა და მას კიდევ ერთხელ უწოდა "ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში".
დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა დემოკრატიული პარტიის წევრებზეც, რომლებიც საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ პრეზიდენტის განცხადებებს.
"ვუყურებ ჩემს წინაშე მსხდომ დემოკრატებს და ვხვდები, რომ აბსოლუტურად ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რომ მათი გახარება შევძლო, რათა წამოდგნენ, გაიღიმონ ან ტაში დაუკრან", - თქვა მან.
მიმართვის დიდ ნაწილს დონალდ ტრამპი შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების მიმოხილვას უთმობს.