აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინა ა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს", რათა აღდგეს ამერიკული დახმარების მიწოდება.
ვენსმა ასევე დაამატა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რჩება იშვიათი მინერალების შეთანხმების ერთგული.
„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინული ჯარები ძალიან გაბედულად იბრძვიან, მაგრამ ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ვერც ევროპას, ვერც აშშ-ს და ვერც უკრაინელებს არ შეუძლიათ უსასრულოდ გააგრძელონ ეს ომი“, - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, „მნიშვნელოვანია ყველასთვის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა“.
„და პრეზიდენტი ცდილობს გააგზავნოს ძალიან მკაფიო გზავნილი: უკრაინელები უნდა დასხდნენ მაგიდასთან და დაიწყონ მოლაპარაკება პრეზიდენტ ტრამპთან წიაღისეულის შეთანხმებაზე“, - თქვა ვენსმა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ იშვიათი მინერალების გარიგება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ვენსმა უპასუხა: ”აბსოლუტურად, დიახ”.
"და მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი კვლავ ერთგულია წიაღისეულის შეთანხმების მიმართ. ვფიქრობ, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე დადებითი რამ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ არ გვაქვს ხელმოწერილი შეთანხმება ჩვენს მეგობრებთან უკრაინაში", - თქვა მან.
ვენსმა ასევე დაადანაშაულა უკრაინელები, რომ არ სურთ „კეთილსინდისიერად მოლაპარაკება“ და თქვა, რომ შეერთებულ შტატებს სამართლიანად არ ეპყრობოდნენ, როცა საქმე უკრაინის დახმარებას ეხებოდა.
”ნამდვილად სასაცილოა და, გულწრფელად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია ამერიკელი ხალხისთვის, რომ ევროპელები უკეთეს პირობებს იღებენ, ვიდრე ამერიკელები”, - თქვა ვენსმა.