საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერმა მარინ ლე პენმა მოულოდნელად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება უკრაინაში აშშ-ის დახმარების შეწყვეტის შესახებ.
ლე პენი მანამდე მუდმივად აკრიტიკებდა უკრაინის სამხედრო დახმარებას და ომის დიპლომატიური დასრულებისკენ მოუწოდებდა.
მარინ ლე პენმა Le Figaro-სთან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა ტრამპის გადაწყვეტილებაზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ.
„ვერავინ აიძულებს შეერთებულ შტატებს გააგრძელოს მხარდაჭერა, თუ მას აღარ სურს მისი უზრუნველყოფა, მაგრამ უკრაინას არ მიეცა გონივრული ვადა“, - განაცხადა ლე პენმა.
მისი თქმით, ტრამპის ეს ნაბიჯი დაგმობას იმსახურებს, რადგან ის სასტიკი აღმოჩნდა უკრაინელი სამხედროების მიმართ რუსეთის წინააღმდეგ ომში.
„ეს არის ძალიან სასტიკი ნაბიჯი უკრაინელი სამხედროების მიმართ, რომლებიც პატრიოტულად იცავენ თავიანთ ქვეყანას. ამ გადაწყვეტილების სისასტიკე დაგმობას იმსახურებს“, - დასძინა ლე პენმა.