ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა უესტფილდში, ვერმონტის შტატში, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ოჯახთან ერთად სათხილამუროდ იმყოფებოდა. ამის შესახებ იტყობინება AP, NBC და ადგილობრივი გამოცემა VTDigger.
მომიტინგეები უესტფილდში მთავარ გზაზე შეიკრიბნენ, სადაც ვენსის ავტოკოლონა ახლომდებარე სათხილამურო კურორტ შუგარბუშისკენ მიემართებოდა.
ჯერ კიდევ გასული კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრეზიდენტი და მისი ოჯახი შუგარბუშს ეწვეოდნენ.
დემონსტრაცია დაგეგმილი იყო, მაგრამ მისი ზოგიერთი მონაწილის თქმით, ისინი კიდევ უფრო წაახალისა ვენსს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 28 თებერვალს თეთრ სახლში მომხდარმა დაპირისპირებამ.
დემონსტრანტებს გამოტანილი ჰქონდათ პრო-უკრაინული ლოზუნგები („ვენსი მოღალატეა, წადი რუსეთში ისრიალე").
ასევე იყო ამერიკის მთავრობის თანამშრომლების შემცირების საწინააღმდეგო და პროპალესტინური ბანერები.
პარალელურად, უესტფილდის ქუჩებში ვენსის რამდენიმე ათეული მხარდამჭერი გამოვიდა. ვიცე-პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებმა და მომხრეებმა შეურაცხმყოფელი სიტყვები გაცვალეს, თუმცა მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.
The New York Post წერს, რომ პროტესტის ფონზე, ვენსმა გააუქმა შვებულება შუგარბუშში და ოჯახი სხვაგან გადაიყვანა.