უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი დასრულებისგან შორს არის, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება კი უნდა იყოს სამართლიანი და შეიცავდეს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს. იუწყება Sky News
ზელენსკის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები, რაც შეუძლებელს გახდის რუსეთის მხრიდან შემდგომ აგრესიას.
ზელენსკი კატეგორიულად უარყოფს რაიმე ტერიტორიული დათმობის შესაძლებლობას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.
"უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენთვის ეს იქნება დროებითი ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიები და ჩვენი ღირებულებები არ იყიდება. ჩვენი თავისუფლება არ იყიდება," - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოიცავდეს უკრაინისა და მისი პარტნიორების მკაცრ პასუხს რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის შემთხვევაში.
„არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო, ვიდრე ხელმოწერები არ იქნება... ძალიან ბევრი რამ არის დასაფიქრებელი“, – განაცხადა ზელენსკიმ.