აშშ და უკრაინა, ევროპასთან ერთად, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დიდი ბრიტანეთის პემიერ-მინისტრ, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
"მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან ერთად. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ჩვენი ძალისხმევა ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის შესანარჩუნებლად. აშშ და უკრაინა ევროპელებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ. ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება პრიორიტეტულია. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო ელემენტი ევროპის მხრიდან მშვიდობის აღსრულება უნდა იყოს," - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
კირ სტარმერმა სამიტის დაწყებამდე სატელეფონო საუბარი გამართა, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერებთან. სტარმერმა ბოდიში მოუხადა ბალტიის ქვეყნების ლიდერებს იმის გამო, რომ ისინი არ მიიწვიეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამიტზე ლონდონში.
თავდაცვის სამიტში, რომელზეც უკრაინის საკითხი განიხილება, მონაწილეობენ ევროპელი ლიდერები, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
ამასთან, ლონდონში ელოდებიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს.
ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიდან სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ასევე დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთისა და რუმინეთის ლიდერები.