რუსეთმა, ჩინეთმა და შეერთებული შტატების სხვა მოწინააღმდეგეებმა თავიანთ სადაზვერვო სამსახურებს დაავალეს, გააძლიერონ ამერიკელების გადაბირების მცდელობები, რომლებიც ახლახან გაათავისუფლეს ან მომავალში გაათავისუფლებენ. ამის შესახებ CNN წყაროებზე და შესაბამის დოკუმენტზედაყრდნობით იუწყება.
დოკუმენტის თანახმად, დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ შეერთებული შტატების უცხოელი მოწინააღმდეგეები ცდილობენ გამოიყენონ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმები ფედერალური მოხელეების მასობრივი გათავისუფლების შესახებ.
როგორც CNN-ს ორმა წყარომ განუცხადა, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთი და ჩინეთი ყურადღებას ამახვილებენ ახლახან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე, რომლებსაც აქვთ წვდომა სახელმიწფო საიდუმლოებაზე და გამოსაცდელი ვადით დასაქმებულებზე, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ ღირებული ინფორმაცია აშშ-ს კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ.
საზღვაო საგამოძიებო სამსახურის დოკუმენტში, რომელიც CNN-სთვის გახდა ხელმისაწვდომი, ნათქვამია, რომ დაზვერვის სამსახურები დარწმუნებული არიან, რომ ფედერალური მოხელეების გადაბირების მაღალი ალბათობა არსებობს.
მედიის ცნობით, რესპუბლიკელმა სენატორებმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან საუბარში შეშფოთება გამოხატეს დაფინანსების გაყინვისა და მთავრობის მიერ მოხელეების გათავისუფლების აგრესიული მიდგომის შესახებ.
აშშ-ის თავდაცვის ხუთმა ყოფილმა მდივანმა საჯაროდ დაგმეს ტრამპის მიერ გაერთიანებული შტაბის უფროსის და სხვა უმაღლესი ოფიცრების "უგუნური" გათავისუფლება და მოუწოდეს კონგრესს, შეაჩერონ მათ ადგილებზე ნებისმიერი პირის დამტკიცება.