ბრიტანეთმა და საფრანგეთმა შეიმუშავეს ევროპული ძალების კონცეფცია (reassurance), რომელიც ეფუძნება მათ მთავარ უპირატესობას რუსეთთან მიმართებით - ავიაციას. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.
„არეალი, სადაც ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა რუსეთთან მიმართებით, არის ჰაერში, გვქონდეს შესაძლებლობა ვუპასუხოთ ცეცხლის შეწყვეტის უხეშ დარღვევას. ეს არის სადამსჯელო მიდგომა, რათა გვქონდეს შესაძლებლობა დავსაჯოთ რუსეთი, თუ მსგავსი რამ მოხდება“, - განუცხადა გამოცემას.
უკრაინაში სახმელეთო ძალების შედარებით მცირე რაოდენობით განლაგება იგეგმება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო დღეებში ბევრი გადამდგარი ბრიტანელი გენერალი ამბობდა, რომ ბრიტანეთის სახმელეთო არმია არ არის საკმარისად ძლიერი, რათა მხარი დაუჭიროს რაიმე მნიშვნელოვან კონტიგენტს უკრაინაში.
მისიას უკრაინაში სავარაუდოდ უხელმძღვანელებს ბრიტანულ-ფრანგული გაერთიანებული საექსპედიციო ძალები, მოქმედი სტრუქტურა, რომლის შტაბ-ბინა ლონდონსა და პარიზის შემოგარენშია.
აღნიშნულია, რომ სხვა ქვეყნებსაც შეეძლებათ შეუერთდნენ ამ საექსპედიციო ძალებს.
ამ იდეის შესახებ, კიდევ უფრო დეტალურად, X-ში ცოტა ხნით ადრე დაწერა Times-ის რედაქტორმა თავდაცვის საკითხებში ლარისა ბრაუნმა.
მისი თქმით, საუბარია 30 000-კაციანი კონტინგენტის განლაგებაზე „საკვანძო ქალაქებში, პორტებსა და კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურულ კვანძებში“ მთელ უკრაინაში, მაგრამ „არა აღმოსავლეთში“.
შემოთავაზებულია საზღვრის მონიტორინგი ტექნიკური საშუალებების, მათ შორის თვითმფრინავების, დრონების და თანამგზავრების გამოყენებით. უკრაინის საჰაერო სივრცე დაცული იქნება, კომერციული საჰაერო მიმოსვლა აღდგება და დასავლური ძალები შეძლებენ თავდასხმის იარაღის ჩამოგდებას. ამ ფორმითაც კი, ევროპული კონტიგენტი აშშ-სგან მნიშვნელოვან სადაზვერვო და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას მოითხოვს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამშაბათს განაცხადა, რომ ნატო-ს ჯარების ყოფნა უკრაინის ტერიტორიაზე მიუღებელია მოსკოვისთვის მაშინაც კი, თუ ნატო ოფიციალურად არ არის ჩართული.