8 თებერვალს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ახალი ერა იწყება. დღეიდან, დათქმულ ვადაზე 10 თვით ადრე, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი საბოლოოდ გამოეთიშებიან რუსეთის ენერგოსისტემას.
ამასთან, ამ ქვეყნებმა უკვე დაასრულეს მზადება ევროკავშირის ენერგოსისტემასთან დასაკავშირებლად.
"ჩვენ მზად ვართ დავასრულოთ სინქრონიზაცია ყველა დონეზე", - თქვა ლატვიის კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრმა კასპარს მელნისმა ლიეტუველ და ესტონელ კოლეგებთან ერთობლივ ბრიფინგზე, რომელიც რიგაში გაიმართა.
სამი ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ "ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის".
ლიტუველმა მინისტრმა პროექტს „ისტორიული“ უწოდა. მისი თქმით, რუსეთი ვეღარ გამოიყენებს ელექტროენერგიას მათ წინააღმდეგ იარაღად.
ესტონეთის ენერგეტიკის მინისტრმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ევროპულ ელექტრო ქსელებთან სინქრონიზაცია დაიცავს სამი ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემებს და დამოუკიდებელ გახდის მათ რუსეთის ფედერაციის კონტროლისგან.
8 თებერვლიდან ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა გამოეთიშებიან საბჭოთა ეპოქის დროინდელ ელექტროსისტემას (BRELL), რომელიც აერთიანებდა რუსეთის, ბელარუსის, ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის ქსელებს. ამავდროულად, ბალტიისპირეთის ქვეყნები პოლონეთის გავლით მოახდენენ თავიანთი ქსელების ევროპულ ქსელებთან სინქრონიზაციას.
ევროკავშირისა და ნატო წევრი ეს სამი ქვეყანა ცდილობს, დაიბრუნოს სრული კონტროლი ელექტროქსელებზე და გააძლიეროს ენერგეტიკული უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც მათ შეწყვიტეს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ.
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ევროპულ ელექტროგადამცემ ქსელებთან სინქრონიზაციაზე შეთანხმებას 2023 წლის აგვისტოში მოაწერა ხელი. გეგმა შეთანხმებული იყო ევროკომისიასთან.