თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეს.
დღევანდელ პროცესზე დისტანციურად გამოიკითხა ბიძინა ივანიშვილი. სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა.
გიორგი ბაჩიაშილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი მას სხვა საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნით დაემუქრა
"პროცესის დასრულების შემდეგ, ბაჩიაშვილის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ივანიშვილის გამოკითხვა უშედეგო იყო, რადგან მან ვერც ერთ კითხვას ვერ უპასუხა:
"მთავარი მოწმე არც ერთ დეტალს არ იხსენებდა, შესაბამისად, არც ერთ კითხვაზე, რაც შეეხებოდა დოკუმენტს, რაც შეეხებოდა ფაქტობრივ გარემოებას, ის არიდებდა პასუხს თავს. მან ზოგადად თქვა, რომ მე ვიყავი ინვესტორი და აბა ბაჩიაშვილს ხომ არ ვასესხებდი ფულსო. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევებში მას გაუკეთებია რამდენიმე ასეული ათასი დოლარი, მათ შორის გარანტიის გაცემაც კონკრეტულ პირზე, რომელიც არ იყო მისი ნათესავი. ანუ, მას უნდოდა ამ ყველაფრის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ბაჩიაშვილზე კრედიტის მიცემა იქნებოდა ყველანაირ აზრს მოკლებული.
გაჟღერდა მუქარისშემცველი რამდენიმე წინადადება, მათ შორის, სხვა კონტრაქტულ და სამოქალაქო ურთიერთობაზე, ეს ფონდის სხვა სტრუქტურულ ნაწილებს შეეხება და ის პირდაპირ დამემუქრა, რომ მანდაც გარკვეულ პასუხისგებაში მოსალოდნელია ჩემი მიცემა", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ სავარაუდო ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული ქმედება ცხრიდან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.