სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში, მე ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებმა და მისმა გამოძახილმა მსოფლიოში, კიდევ ერთხელ დაარწმუნა ქართველი ხალხი, რამდენად სწორ პოლიტიკასა და ღირებულებებს ატარებს ქართული სახელმწიფო. სამშვიდობო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების უპირველესობა, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ოჯახის სიძლიერე, ქრისტიანობის როლის გაძლიერება – სწორედ ეს არის ის ღირებულებები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ნათელია, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის ასეთი თანხვედრა მაძლევს ღრმა რწმენის საფუძველს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ მოვახერხებთ ურთიერთობების გადატვირთვას და ნორმალიზებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.