ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენ ქართველები განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, წარმოუდგენელია, ვიყოთ ერთმანეთის მტრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
„მსურს, კვლავ დავუბრუნდე თავსმოხვეულ, ხელოვნურ პოლარიზაციას. სამწუხაროდ ამ პროცესში აქტიურად იყენებენ არაერთ გულწრფელ და გულანთებულ ახალგაზრდას. კარგად მახსოვს ჩემი თავი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვიცი რამდენად მოჭარბებულია ემოციები ამ პერიოდში, რამდენად იმპულსური, მეამბოხე და ფეთქებადი ხარ. როგორი მძაფრია შეფასებები და განწყობა ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სწორედ მსგავს ემოციებზე თამაშობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები.
ჩემთვის წარმოუდგენელია არსებობდეს ქართველი ადამიანი, ვინც არ ეთანხმება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვას, ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას. თუკი არსებობს ასეთი ადამიანი, ის არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.
ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენ ქართველები განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, წარმოუდგენელია, ვიყოთ ერთმანეთის მტრები. ჩვენ გვაქვს ერთი ენა, ერთი კულტურა, ერთი ისტორია, ერთი სამშობლო, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება.
ყველაფრის მიუხედავად, მოგვიწევს გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება. ამიტომ უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და ერთმანეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაჯობოთ სიბრაზეს საკუთარ თავში. მოვახერხოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. განსხვავებულობის მიუხედავად, უნდა დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი ღირებულებები. ჩვენ ერთად დგომით შეგვიძლია საბოლოოდ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.