ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო "ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ალეკო შალამბერიძის განცხადებას, თითქოს გამოსახლებული დევნილების უმეტესობას ალტერნატიულ ფართებს არ სთავაზობენ, "ტყუილს" უწოდებენ.
"შალამბერიძე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, როცა ამბობს, რომ შეთავაზება მხოლოდ 2-მა ოჯახმა მიიღო. ის დევნილთა განსახლების შესახებ არანაირ ინფორმაციას ფლობს და მხოლოდ პროვიოკაციებითა და დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული", - ნათქვამია სუბელიანია უწყების განცხადებაში.
ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ სამინისტრომ რეგიონებში გარემონტებული ფართები საკუთრებაში ყველა იმ დევნილს შესათავაზა, რომელთაც განსახლება სჭირდებათ.
"მაგალითად, დღეს 5 ოჯახი საცხოვრებლად წინწყაროში გადავიდა, ხოლო ერთი ოჯახი - გარდაბანში. მათთვის სახელმწიფომ აღნიშნულ რეგიონებში კერძო სახლები შეისყიდა", - აცხადებენ სამინისტროში.
აღნიშნულ კონტექსტში, სუბელიანის უწყება იმ ადამიანებს, რომლებიც "დევნილების ხარჯზე ქულების დაწერის მიზნით უსუსურ და ტყუილ ინფორმაციებს ავრცელებენ", აღნიშნულ რეგიონებში ჩასვლასა და შეთავაზებული სახლების საკუთარი თვალით ნახვას ურჩევენ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო გარემონტებულ, რეაბილიტირებულ ფართებს საქართველოს რეგიონებში საკუთრებაში, ყველა იმ დევნილს სთავაზობს, ვისაც განსახლების კუთხით სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღია.