ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მოუწოდა გერმანიას თავდაცვის ხარჯები და იარაღის წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდოს.
გერმანიამ “მეტი უნდა დახარჯოს და მეტი აწარმოოს“, - განაცხადა რუტემ Bild-თან ინტერვიუში.
„გასაგებია, რომ ეს საკითხი უახლოეს თვეებში ევროპის ბევრ ქვეყანაში იქნება განხილვის საგანი“, - ხაზგასმით აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
მან თავისი მოწოდება, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მუქარით ახსნა. "მკაფიოდ გეუბნებით: ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის. ეს [თავდაცვის ხარჯების გაზრდა] საუკეთესო გზაა ომის თავიდან ასაცილებლად", - განმარტა რუტემ.
მისივე თქმით, სახიფათო მხოლოდ რუსეთთან არსებული ვითარება არ არის, ჩინეთი ასევე ზრდის თავის სამხედრო შესაძლებლობებს
ალიანსის გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა გერმანიის ძალისხმევას უკრაინას სამხედრო დახმარების გაწევისთვის.
მისი თქმით, არც ერთი ევროპული სახელმწიფო, რომელიც ნატო-ს წევრია, არ უჭერს მხარს კიევს ისე, როგორც ამას ბერლინი აკეთებს.
„გერმანიის ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით, ჩვენ ბუნებრივია გვინდა, რომ მან გაცილებით მეტი გააკეთოს“, - დასძინა რუტემ და ხაზი გაუსვა გერმანიის „ფანტასტიკური თავდაცვის ინდუსტრიებსა“ და ინოვაციურ პოტენციალს.
რუტეს თქმით, ალიანსის მოკავშირეები უახლოეს თვეებში გადაწყვეტენ, რამდენი ინვესტიცია განახორციელონ თავდაცვის სფეროში.
”ერთ რამეში შემიძლია დაგარწმუნოთ: ეს იქნება ბევრად, ბევრად, ბევრად მეტი ორ პროცენტზე”, - თქვა რუტემ.
ნატო-ს შემდეგი სამიტი ივნისში ჰააგაში გაიმართება.