სასტუმრო "ქორთიართ მარიოტში" ოპოზიციურმა გაერთიანებებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
სამმა ოპოზიციურმა პარტიამ ოთხი ოპოზიციური გაერთიანების სახელით სირიის ახალ ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართა და მოუწოდა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება უკან წაიღოს.
„დღეს, პირველად ვსაუბრობთ იმ მიმართულებაზე, რასაც არაღიარების პოლიტიკა ჰქვია. არაღიარების პოლიტიკა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი, რუსეთის მიერ მითვისებული ტერიტორიების მიმართულებით. ქართულმა ოპოზიციამ, ოთხივე პარტიამ ჩვენი ხელმოწერით გავუგზავნეთ მიმართვა სირიის ახალ ხელისუფლებას, რომელიც მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, დღეს სათავეში უდგას საკუთარ ქვეყანას. მოგეხსენებათ, კაცთმოძულე ასადის რეჟიმი დაემხო და სირია დღეს ფეხზე დგება. 2018 წელს სირიამ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და საქართველოს ხელისუფლება იმ ვითარებაში, როდესაც ასადის, რუსული რეჟიმი წასულია და არის ახალი ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ მიმართოს ახალ ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების მოთხოვნით, სრული დუმილის რეჟიმში იმყოფება.
ჩვენ, პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგად უნდა მოვსულიყავით კოალიციურ ხელისუფლებაში, ჩვენს პატრიოტულ ვალს ვახორციელებთ და სირიის ახალ ხელისუფლებას მივმართეთ მოთხოვნით, რომ უკან წაიყოს აფხაზეთის აღიარება. მიგვაჩნია, რომ ამაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ რუსული ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელია. ამიტომ, ოპოზიცია, როგორც ხალხის ინტერესების გამომხატველი ძალა ერთიანად მივმართავთ სირიის ახალ ხელისუფლებას ისტორიული გადაწყვეტილების მისაღებად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.