„დაიკავე ღერძულა ხაზი და 3 საათზე 3 წუთით ჩართე LIVE“ - ქალები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორები მონაწილეობის მსურველი ქალებისთვის ინსტრუქციას ავრცელებენ:
„31 იანვარს, ვაწყობთ მზია ამაღლობელის მხარდამჭერ ინდივიდუალურ საპროტესტო აქციას, მხოლოდ ქალები:
თუ ხარ ქალი, ასაკის, პროფესიის, შეხედულებების განურჩევლად, თუ უერთდები მოშიმშილე მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნას...
14:45-ზე დაიკავე ღერძულა ხაზი ნებისმიერ სამანქანო მოძრაობით დატვირთულ გზაზე (ნებისმიერ ქალაქში)
- თან იყოლიე მეწყვილე, ადამიანი, რომელიც შენივე ტელეფონით, შენსავე სოციალურ ქსელში (ინსტაგრამი ან ფეისბუქი) გაგიყვანს ლაივში და გადაგიღებს ლაივვიდეოს ზუსტად 3 წუთის განმავლობაში
- ხელში დაიჭირე შეძლებისდაგვარად დიდი თეთრი ქაღალდი ან ნაჭერი შავი ხელნაწერი ტექსტით: თავისუფლება მზია ამაღლობელს (ზუსტად ამ ფორმულირებით, იმპროვიზაციის გარეშე)
ზუსტად 15:00-ზე, უკვე ღერძულა ხაზზე მდგომი შენს მეწყვილეს გაყავხარ ლაივში
- ლაივის ვიდეო უნდა იწყებოდეს ბანერზე მიზუმებული; 30 წამის შემდეგ ZOOM OUT და კადრში უნდა გამოჩნდეს პროტესტანტის მთლიანი სხეული და გზა, რომელზეც დგას (დაახლოებით 3-4 მეტრიდან გადაგიღონ)
- ზუსტად 3 წუთის შემდეგ თქვენმა მეწყვილემ ლაივი უნდა გათიშოს (ამის შემდეგ ინდივიდუალურად გადაწყვიტეთ ვიდეოს გარეშე, დამატებით დროით დარჩებით თუ არა ბანერით ხელში იმისთვის, რომ ბევრმა მანქანამ შეგამჩნიოთ, მაგრამ ლაივის დრო ზუსტად 3 წუთი უნდა იყოს)
- გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ზუსტად 3 საათზე ლაივში გასვლა, ტექსტით და ზუმ აუთით დაწყება და 3 წუთის თავზე ლაივის გათიშვა. ეს მარტივი პროტოკოლი უზრუნველყოფს, რომ სხვადასხვა ადგილებში გაფანტული ქალების ინდივიდუალური პროტექსტი ერთ დიდ საპროტესტო ქსელს დაემსგავსოს
- ლაივის დამთავრების შემდეგ ვიდეო გააზიარეთ ყველა პლატფორმაზე, რომელიც გაქვთ
- 3-წუთიანი ვიდეო დასრულებისთანავე გამოგზავნეთ მეილზე: matskhonashvili@gmail.com რომ მალევე ამ ინდივიდუალური ვიდეოებისგან აიკინძოს საერთო, კოლაჟური ვიდეო“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.