გაერთიანებულის სამეფოს ლორდთა პალატის წევრი, ლორდი მაიკ ჯერმანი, ბარონი ჯერმანი, რომელიც ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ბრიტანეთის მთავრობა მზადაა, განიხილოს ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესება.
„ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდებთ, იმავე პრინციპით იმოქმედოს, როგორც მოქმედებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას უხეშად უპირისპირდებიან – მაგალითად, ბელარუსსა და უკრაინაში. იგივე უნდა გაკეთდეს იმ ფინანსებთან დაკავშირებითაც, რომლითაც „ქართული ოცნება“ ფინანსდება და რომლებიც ლონდონშია განთავსებული“, - განაცხადა ბარონმა ჯერმანმა.
მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობა თავად გადაწყვეტს განიხილება თუ არა ბიძინა ივანიშვილი იმავე კონტექსტში, როგორც ბელარუსის, რუსეთის ან უკრაინის ოლიგარქები.
„რა თქმა უნდა, ბრიტანეთის მთავრობამ მოუწევს, თავად გადაწყვიტოს, განიხილება თუ არა ბიძინა ივანიშვილი იმავე კონტექსტში, როგორც ბელარუსის, რუსეთის ან უკრაინის ოლიგარქები. თუ მთავრობაში დაასკვნიან, რომ ის ნამდვილად ამ კატეგორიაში ჯდება, ეს ნიშნავს, რომ მისი ფინანსური აქტივები უბრალოდ გაიყინება – სხვა სიტყვებით, „მაცივარში შედებენ“ და ეტყვიან, რომ ამ ქონებას ვერ გამოიყენებს, სანამ საქართველოში დემოკრატიული ვითარება არ გამოსწორდება“, - განაცხადა მან.