საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დაკავებულების ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია, რა ვითარებაში დააკავეს მათი ოჯახის წევრები. მათი თქმით, დაკავებისას ადგილი ჰქონდა სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობას.
დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა ამბობს, რომ დიპლომატები "ქართული ოცნებას" მწამებლებად მოიხსენიებენ.
როგორც ცხადაძე ამბობს, რომ დიპლომატები სინდისის პატიმრის ოჯახის წევრებს დაჰპირდნენ, რომ რეჟიმის მიმართ სანქციების გასამკაცრებლად ყველაფერს გააკეთებენ.
„ეტყობათ, რომ ადამიანურადაც კი ჭკუიდან არიან გადასულები ესენიც. უკვე ვერ უძლებენ, დიპლომატიური ენის შენარჩუნებაც კი უჭირთ ე.წ. მთავრობის მიმართ. დიპლომატიურ ბალანსსაც ვერ იცავენ, რომ მოიხსენიონ ეს ადამიანები, გამოიყენებენ კონკრეტულ ლექსიკას - მწამებლებს. იმის აღსაწერად, რაც ქუჩებში გააკეთეს, არანაირ დიპლომატიურ ენას აღარ იყენებენ. თქვეს ასევე, რომ იქითა მხრიდან არავინ დასჯილა. ყველაფერს ვიზამთო დაგვპირდნენ. მშობლებმა სანქციების გძლიერებისკენ მოუწოდეს", - ამბობს ონისე ცხადაძის ძმა.
დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის თქმით, ევროკავშირის ელჩმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
„შეხვედრაზე მოგვეცა საშუალება, კონკრეტულად ჩვენი შემთხვევების შესახებ მოგვეყოლა, როგორ მიმდინარეობს პატიმრობის პროცესი, როგორ განხორციელდა დაპატიმრება, დღეს რა ვითარებაა პატიმრების ირგვლივ. საუბარი გაგრძელდა იმით, რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ეს პროცესები მაქსიმალურად მალე ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს და რაღაც შედეგი დადგეს. ჩემი პირადი მოთხოვნა იყო, რომ ევროკავშირმა მაქსიმალურად მკაცრი ბერკეტები გამოიყენოს, მოახდინოს სანქცირება ყველა იმ პირის, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული. მოთხოვნა გვქონდა, მაქსიმალურად სწრაფად და მკაცრად მოახდინონ რეაგირება ყველაფერზე, რათა არსებული რეჟიმი მივიდეს დასკვნამდე, რომ ქვეყანაში პროცესების ასე განვითარება აღარ შეიძლება, მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რაც მდგომარეობს შემდეგში – უკანონოდ დაჭერილი მძევლები გაათავისუფლონ, დანიშნონ ახალი არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანას მშვიდობას მოუტანს“, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.