„ქართული ოცნების“ მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავენ და არავის მისცემენ უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს; – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ დღეების განმავლობაში, მე და ჩემი დელეგაციის წევრები არაერთ თქვენგანს შეგხვდით და ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რატომ ვთვლით ასე. შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მოცემულ არაორდინალურ დათქმებს, არ დაუჭიროთ მხარი მომზადებულ რეზოლუციის პროექტს და მხარი დაუჭიროთ ჩვენი უფლებამოსილების ცნობას მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ნორმალურ ვითარებაში მუშაობა და უკვე არსებული კარგი თანამშრომლობა საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, საქართველოში მისი უახლესი ვიზიტის შესაბამისად.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, მათთვის, ვისაც ეს შეიძლება, ეხებოდეს ამ ასამბლეაში, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავენ და არავის მისცემენ უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს; ქვეყანაში, რომლის ოკუპაციაც კვლავ გრძელდება რუსეთის მიერ.
კიდევ გავიმეორებ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც ოთხი სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხული. „ქართული ოცნების“ მთავრობა ამაყობს, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან და არაერთ სხვა სექტორში საუკეთესო პარტნიორია. „ქართული ოცნების“ მთავრობის შესახებ ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესი აქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ზოგიერთს არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შესახებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.