საქართველო მიდის ნაკლები დემოკრატიული სტანდარტების გზაზე. ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის ნაკლები ევროპა. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რათა გავცეთ ბოლო გაფრთხილება. არა მხოლოდ შეშფოთებული ვართ, მზად ვართ, ვიმოქმედოთ და დღესვე ვიმოქმედეთ. აუცილებლად მოვითხოვთ ყველაფერს, რაზეც ანგარიშში ვსაუბრობთ, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარემ, ფრანკ შვაბემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ძვირფასო მოქმედო ხელისუფლებავ საქართველოში, ევროსაბჭო არის ყველაზე ძველი მულტილატერალური ორგანიზაცია ევროპაში. ამ ორგანიზაციას აქვს ერთი მთავარი ამოცანა, ესაა ქვეყნების მხარდაჭერა მათ გზაზე მეტი დემოკრატიისკენ, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვისა და მეტი კანონის უზენაესობისკენ. მინდა, მადლობა ვუთხრა მომხსენებლებს, რომლებიც ცდილობენ, საქართველოს ამ სწორ გზაზე დაყენებას, მაგრამ საქართველო სხვა გზაზე მიდის. ეს სრულიად არასწორი მიმართულებაა და ესა ჩვენი დღევანდელი გზავნილი. საქართველო მიდის ნაკლები დემოკრატიული სტანდარტების გზაზე, ადამიანის უფლებების ნაკლებად დაცვის გზაზე და კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლოს ნაკლებად პატივისცემის გზაზე. ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის ნაკლები ევროპა. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რათა გავცეთ ბოლო გაფრთხილება. ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ შეშფოთებული ვართ, მზად ვართ, ვიმოქმედოთ და დღესვე ვიმოქმედეთ, აუცილებლად მოვითხოვთ ყველაფერს, რაზეც ამ ანგარიშში ვსაუბრობთ.
ჩვენ ამას აპრილში აუცილებლად დავუბრუნდებით, 100-პროცენტიან გარანტიას გაძლევთ. ამას დავარქმევდი ევროსაბჭოს წევრობას პრობაციით, მკაცრად შეზღუდული უფლებებით. ჩვენ გთხოვთ, შეაჩეროთ ძალადობა და დასაჯოთ ისინი, ვინც ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული. ჩვენ გთხოვთ, გაათავისუფლოთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებულები და განსაკუთრებით ვახსენებდი მზია ამაღლობელს. მე ვნახე ვიდეო და ეს ხუმრობას ჰგავს – თუ რას აბრალებენ მას და რა არის სასჯელი. ჩვენ ვნახეთ სისტემატური და ფართოდ გავრცელებული მანიპულაციები არჩევნებზე. მეც და ზოგმა ჩემმა კოლეგამ ნახა, როგორ უხდიდნენ ფულს ამომრჩევლებს, როგორ მოუწოდებდნენ, ბიულეტენებისთვის სურათები გადაეღოთ და როგორ ხდებოდა ამომრჩევლების რეპრესიები. ასე რომ, ერთადერთი გზა ამ კრიზისიდან გამოსასვლელად არის ახალი არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა ფრანკ შვაბემ.