ის, რაც ნამდვილად გვაქვს უკვე ხელთ და წყალი არ გაუვა, არის ის, რომ ჩვენი უფლებამოსილება იქნება ცნობილი. დათქმებით, ნაკლები დათქმებით თუ დათქმების გარეშე, ეს გამოჩნდება რამდენიმე საათში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ამასთან, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიციას გუშინ ჩაუვარდა გეგმა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილებების უარყოფას ითვალისწინებდა.
„იცით, რომ გუშინ ჩავარდა მონიტორინგის კომიტეტზე პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი უფლებამოსილებების უარყოფას, ოპოზიციას ეს გეგმა ჩაუვარდა. სამაგიეროდ, კომიტეტმა დაამტკიცა ჩვენი უფლებამოსილებების რატიფიცირება დათქმებით. დათქმების სია არის საკმაოდ გრძელი და მათ შორის ყველაზე პრობლემატურია პირველი დათქმა, რომელიც ჩვენ გვავალებს, თუ ეს პლენარულმაც ასე დაამტკიცა, რომ ,კი ბატონო, რატიფიცირებული იქნება თქვენი უფლებამოსილება, გცნობთ, როგორც წევრებს ჩვენი ასამბლეისა, მაგრამ გაატარეთ რეფორმები და მომდევნო თვეებში გამოაცხადეთ ახალი არჩევნებიო. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის წითელი ხაზია, მაგრამ კიდევ რჩება რამდენიმე საათი დისკუსიებისთვის. ამ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, პროგნოზი არ არის მაინცდამაინც მარტივი, თუმცა ის, რაც ნამდვილად ჩვენ უკვე გვაქვს ხელთ და ამას წყალი არ გაუვა, არის ის, რომ ჩვენი უფლებამოსილება იქნება ცნობილი. დათქმებით, ნაკლები დათქმებით თუ დათქმების გარეშე, ეს გამოჩნდება რამდენიმე საათში“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის განცხადებით, ევროპის საბჭოში ლიმიტირებული უფლებამოსილებები ამ ეტაპზე ქართული დელეგაციისთვის დიდად არაფერს ცვლის.
„ლიმიტირებული უფლებამოსილებები ნიშნავს, რომ კი ვართ უფლებამოსილი და ლეგიტიმური წევრები, მაგრამ ვერ ვიქნებით ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, კომიტეტის ხელმძღვანელი ან სადღაც მომხსენებელი, ეს პრაქტიკაში ჩვენთვის დიდს არაფერს ნიშნავს. ჩვენთვის არანაირი წუხილის საფუძველი არ არის, რადგან იანვრიდან აპრილამდე ჩვენი დელეგაციის არცერთი წევრი, ჩემი ჩათვლით, არც კი ვგეგმავდით რომელიმე თანამდებობაზე პრეტენზიის გაცხადებას ან რომელიმე მონიტორინგში მონაწილეობას, რადგან სახლში უამრავი საქმე გვაქვს. მეც დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი ვარ, ჩემს დელეგაციაში მყავს არაერთი ახალი წევრი „ქართული ოცნების“ პარტიიდან, ოპოზიციის ადგილები ვაკანტურია და იმედია, თებერვალში შეივსება, თუ რომელიმე პარტია მოეგება გონს. შესაბამისად, ჩვენ არც ვგეგმავდით ამ უფლებების გამოყენებას. ამიტომ, ეს ეწერება თუ არ ეწერება, ამის ცვლილებაზე და ამაზე მსჯელობაზე ენერგიას ჩვენ ამ დღეებში საერთოდ არ ვხარჯავთ. ეს არაფერი არ არის სინამდვილეში, სხვა დათქმები არის პრობლემატური და განსაკუთრებით ის არის წითელი ხაზი, რომ წერია ახალი არჩევნები“, – განაცხადა წულუკიანმა.