ჩვენი მიზანი იყო იმ პირების დასჯა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, დაშინებაზე, მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მგზავრობისას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხის გამძლეობით და ქართველი ხალხის ერთგულებით ქვეყნის ევროპულ მომავალზე და დემოკრატიულ ფასეულობებზე.. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ჩვენ გვესმის მათი ძახილი უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის, დემოკრატიული ქვეყნისთვისა და ევროპული საქართველოსთვის. ამავე დროს, ჩვენ ვგმობთ მიმდინარე დაშინებასა და ძალადობას. ჩვენ გაოგნებული ვართ ხალხის ცემით, მათზე მუქარით, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე, პოლიტიკოსებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომლებსაც ედევნებიან და სცემენ ნიღბიანი პირები.
გაოგნებული ვართ დაუსჯელობით და იმ ფაქტით, რომ ორი თვის განმავლობაში ქუჩაში მიმდინარე ძალადობის მიუხედავად, არავინ დასჯილა ამისთვის. და რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება, ჩვენი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. გუშინ ევროკავშირმა გადაწყვიტა შემოიღოს შეზღუდვები საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ასე რომ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ახლა მოუწევთ ვიზის აღება იმ შემთხვევაში, თუ სურთ ევროკავშირში გამგზავრება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით. როგორც ვთქვით, ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა, რომლებიც ქუჩაში დგანან და დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოს მოითხოვენ. ჩვენი მიზანი იყო დასჯა იმ პირების, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, ვინც პასუხისმგებელია დაშინებაზე, ვინც პასუხისმგებელი არიან მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მგზავრობისას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ.