გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიხეილ ყაველაშვილსა და ირაკლი კობახიძეს თანამდებობების დაკავებას ულოცავს.
კობაძისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში.
„მინდა, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში. რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება რჩება პრიორიტეტად, განსაკუთრებით გაერო-ს მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის“, – ნათქვამი წერილში.
გუტერეში მიხეილ ყაველაშვილისადმი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ საქართველო გაერო-ს ღირებული პარტნიორია და მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის გაღრმავებას.
„თქვენო აღმატებულებავ, მინდა, მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება.
გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად. ერთად შეგვიძლია, გავაძლიეროთ 2030 წლის დღის წესრიგსა და მომავლის პაქტში ასახული პრინციპები და, იმავდროულად, ვიმუშაოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. ვემხრობი ამ მიზნებისადმი ერთგულების განახლების იდეას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით.
წარმატებებს გისურვებთ თქვენი მოვალეობების შესრულებაში!
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური“, – ნათქვამია ანტონიო გუტერეშის მილოცვაში.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.