საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გასულ კვირას ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. გარდა ამისა, ის ამერიკის მთავრობის წევრებსაც შეხვდა და საერთაშორისო, თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტს ვაშინგტონში ყოფნისას "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი, მარიამ უგრეხელიძე შეხვდა და ესაუბრა.
ქალბატონო სალომე, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. მოდით, დავიწყოთ იმით როგორ ჩაიარა თქვენმა ვიზიტმა- ინაუგურაციას დაესწარით. მაგრამ ასევე გქონდათ შანსი, რომ შეხვედროდით ტრამპის ადმინისტრაციის წევრებსაც. მცირეხნიანი, თუმცა, მაინც შანსი. რა იყო თქვენი მთავარი გზავნილი მათთვის?
პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი. ძალიან ხანმოკლე შეხვედრები იყო, იმიტომ რომ ეს იყო შეხვედრები იმ ღონისძიებების ფარგლებში, სადაც არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ხანგრძლივად გაშალო გზავნილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. მაგრამ მაინც, იმის საშუალება მქონდა, რომ მეთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, რამდენად საგანგაშოა ეს იმ რეგიონში, რომელიც ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იქვეა შავი ზღვა, სტრატეგიული ახალი პროექტები, ქვეყანაში, რომელიც ამერიკის დახმარების ობიექტია ბოლო 30 წლის განმავლობაში.
საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც პერ კაპიტა, ანუ თითო ადამიანზე, მიიღო ყველაზე დიდი დახმარება [ამერიკისგან], ისრაელის შემდეგ, რაც არ არის ცოტა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამერიკას ჰქონდა ინტერესები და სტრატეგიული ინტერესები საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინტერესი დღესაც არსებობს. ეს იყო ჩემი გზავნილი, რომ საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად, ძალიან მალე, ყურადღება იყოს იმ სიტუაციის მიმართ, რაც არსებობს საქართველოში- ერთის მხრივ რეპრესიები, რომლებიც მიმდინარეობს, დიქტატურის ჩამოყალიბება და ასევე ახალი გეოპოლიტიკური მიმართულებები ამ რეჟიმის, რომელიც რეჟიმია და მიჰყვება რუსეთის მოდელს. არა მხოლოდ რუსეთის მოდელს, ასევე მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს ჩინეთთან და უთმობს საქართველოში სტრატეგიულ ინტერესებს, რაც, ალბათ, ძალიან სერიოზულად უნდა აინტერესებდეს და აღშფოთებდეს ამერიკას.
ვაშინგტონში ვიზიტამდე თქვენ ევროპარლამენტში იყავით, ევროპაში გქონდათ ვიზიტები. ასევე პარიზში იყავით, შეხვდით იქ მაკრონსა და ტრამპს. სწორად მესმის თუ არა, რომ თქვენი მთავარი მიმართულება არის საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან მუშაობა და თუ ეს ასეა, ცოტა მეტი გვითხარით რა მიმართულებით მუშაობთ?
იზოლაცია არის დღევანდელი რეჟიმის მიმართულება და მათი ერთგვარი ახალი ოცნება. ამაზე მუშაობენ, რომ საქართველო დარჩეს მარტო, დარჩეს მარტო რუსეთის წინაშე პოლიტიკურად თუ უსაფრთხოების კუთხით და ჩინეთის წინაშე ეკონომიკურად. ეს არ არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის ოცნება იყო რეალურად ამ მთელი 30 წლის მანძილზე, რაც მოყვება დამოუკიდბელობის შემდგომ. ამდენად, ჩემი როლი, როგორც ხმა ამ სახელმწიფოსი, რომელსაც სხვა ლეგიტიმური ხმა აღარ აქვს, არის ის, რომ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვოთ დახმარება იმისთვის, რომ ეს იზოლაცია თუ ეხება ლიდერებს, რომლებიც დიქტატურას ირჩევენ დღეს, არ უნდა ეხებოდეს ქვეყანას, არ უნდა ეხებოდეს საზოგადოებას, არ უნდა ეხებოდეს ჩვენს ხვალინდელ ეკონიმიკას. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს ყველა პარნტიორთან, რომ დღეს დაგვეხმარონ იმისთვის, რომ ხვალ კიდევ უფრო დაეხმარონ საქართველოს.
"ქართული ოცნების" ლიდერები არ მალავენ, რომ იმედი ჰქონდათ, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდოდა, საქართველოსადმი პოლიტიკა შეიცვლებოდა თქვენ პირადად გქონდათ შანსი, რომ ინაუგურაციას დასწრებოდით და მისი კაბინეტის წევრებს გასაუბრებოდით. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ტრამპის ადმინისტრაციისგან და რა იქნებოდა თქვენთვის ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი სასურველი პოლიტიკა?
ჩემი მიზანი აქ არ იყო რაიმეს გადალაგება და არ ვთვლი, რომ რაიმეს გადალაგება საჭირო იყოს. ჩვენ უნდა დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენ ამერიკელ პარტნიორთან და გავაგრძელოთ ის 30-წლიანი პოლიტიკა, რაც იყო. სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა დავუბრუნდეთ. მე ძალიან მიხარია, რომ სომხეთმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს იმას ნიშნავს რომ კავკასია რჩება ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონად. ამ რეგიონში ჩვენ ვართ ცენტრი და ჩვენი პარტნიორობა ამერიკასთან არის ქვაკუთხედი ამ რეგიონისთვის და ჩვენი მომავლისთვის.
რა კონკრეტული გეგმით ბრუნდებით საქართველოში, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ გვითხარით
გეგმებზე არასდროს არ ვპასუხობ, იმიტომ, რომ ეს კითხვა არაფერს არ მოიცვას. გეგმა არის, რომ არჩევნები შედგეს, ეს ყველას მოთხოვნაა. ჩვენ ვმუშაობთ ამ არჩევნების პირობებზე. თუკი ისე მოხდება, რომ რეჟიმი დათანხმდება არჩევნებზე, იმიტომ რომ სხვა გზა არ ექნება. თუ არადა თვითონ ჩამოიშლება და ყოველი შემთხვევისთვის უნდა ვიყოთ მზად ორივემხრივ არჩევნებისთვის. ეს არის პირველ რიგში უფრო პარტიების მოვალეობა, ვიდრე პრეზიდენტის. მე ვარ სახელმწიფოს გარანტი და მომავალი სტაბილურობის, ამ არჩევნების დროს და ამ არჩევნების შემდეგ.
ფოტო: VOA