"ყოველდღიურად ვხედავთ რუსეთის მსგავსად როგორ იზრდება სინდისის პატიმრების რიცხვი და იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საქართველოს მომავლისათვის იბრძვის. მზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი და ის მხოლოდ იმიტომ არის ციხეში, რომ ივანიშვილმა დააშინოს მედია, მედიის წარმომადგენლები, რათა საზოგადოებამ ვერ მიიღოს ზუსტი, სანდო ინფორმაცია", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ.
მთავრობის კანცელარიასთან, ოპოზიციონერი ქალმა პოლიტიკოსებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც მათ მედია მენეჯერის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს;
"თქვენ ახლა ჩემს უკან ხედავთ წარწერას - საქართველოს მთავრობა, მაგრამ სინამდვილეში უნდა ეწეროს რუსეთის მთავრობა, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რუსეთის მსგავსად იზრდება სინდისის პატიმრების რიცხვი და ციხეში იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საქართველოს მომავლისათვის იბრძვის. დღეს განსაკუთრებულად გვინდა გამოვყოთ სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელი, რომელიც არის ამ რეჟიმის ნომერ პირველი ქალი მედია მენეჯერი სინდისის პატიმარი. მზია ამაღლობელი სწორედ იმიტომ არის დევნის მსხვერპლი, რომ თითოეული თქვენგანი, მედიის წარმომადგენელი დააშინონ და ვერ გაბედონ ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმიანობაზე საუბარი. მზია ამაღლობელი არის სწორედ სანიმუშო პატიმარი იმისათვის, რომ მედიამ ვერ ამოიღოს ხმა და შესაბამისად, საზოგადოებამ ვერ მიიღოს ზუსტი, სწორი და სანდო ინფორმაცია. მზია ამაღლობელი უკვე მეთორმეტე დღეა შიმშილობს და ეს უკვე საგანგაშო პერიოდია მისი ჯანმრთელობისათვის, ამიტომ ჩვენ ქალი პოლიტიკოსები კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შევიდეს გენერალური პროკურატურა სასამართლოსთან შუამდგომლობით და შეცვალოს პატიმრობის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესების ცუდად წარმართვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც რუსული მთავრობის შენობაში მყოფ ადამიანებს, ივანიშვილს, გენერალურ პროკურორს და ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესშია მონაწილე", - განაცხადა თამარ კორძაიამ.
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს.