ქართულმა მობილურმა ოპერატორმა სელფი მობაილმა, რომელიც 1.3 მილიონ აბონენტს ემსახურება, გააფორმა ისტორიული პარტნიორობის ხელშეკრულება Vodafone Group-თან. ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ტელეკომ ბაზრის განვითარებისთვის, რაც აისახება მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებულ სერვისებში.
Vodafone ევროპისა და აფრიკის წამყვანი ტელკო ოპერატორია, რომელიც მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებას უწევს ჯამში 300 მლნ ადამიანზე მეტს. მობილური სერვისის თვალსაზრისით, Vodafone მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა.
Vodafone-თან პარტნიორობა მოიცავს ტექნოლოგიური ცოდნის გაზიარებას, საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებას და ინოვაციების განვითარებას. ამ შეთანხმების ფარგლებში სელფი მობაილმა ადგილობრივ ბაზარზე პირველმა დანერგა Vodafone-ის მსოფლიოში ცნობილი ლოიალობის პროგრამა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს გლობალურ ბრენდებზე, მათ შორისაა Wolt, FiiT, SixT, Surfshark და სხვ.
"ვოდაფონი გახლავთ ხალხის დაკავშირების წამყვანი ბრიტანული კომპანია, ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას ინოვაცის დანერგვისთვის და ასევე, ხელს უწყობს მდგრადობას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში კონკურენტული და რეგულირებული ტელეკომ სექტორის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ ზრდას. მოხარულები ვართ, რომ სელფი მობაილი წარმატებით ახორციელებს პროცესებს, რომ ბაზარზე გახდეს ერთერთი მოწინავე კომპანია,“ განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეთ უორდმა.
"დღეს, ჩემთვის საკვანძო სიტყვებია ინოვაცია და დინამიურობა, და ეს პარტნიორობა სელფის აძლევს შესაძლებლობას, გახდეს უფრო დინამიური და მიიღოს უპირატესობა გლობალური კომპანიის გამოცდილების გაზიარებით. ეს პარტნიორობა საზეიმოა საქართველოსთვის და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის,“ დაამატა მან.