ნეპალის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაზარდოს ევერესტის მწვერვალზე ასვლის ნებართვის საფასური. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მოამზადა.
ნეპალის მთავრობის განცხადებით, სანებართვო საფასურის ზრდა პლანეტის უმაღლეს მწვერვალზე დაბინძურების კონტროლისა და უბედური შემთხვევების პრევენციის სურვილითაა ნაკარნახევი.
ახალი წესის თანახმად, უცხოელებისთვის ევერესტზე ასვლა სამხრეთის მარშრუტით გაზაფხულის სეზონზე (მარტიდან მაისამდე) 15 000 დოლარამდე გაიზარდა თითო ადამიანზე, ცვლილებამდე ეს საფასური 11 000 დოლარი იყოს.
შემოდგომის სეზონისთვის (სექტემბერი - ნოემბერი) ასვლის საფასური გაიზარდა 5500 აშშ დოლარიდან 7500 დოლარამდე.
ზამთრის სეზონსა (დეკემბერი-თებერვალი) და მუსონურ სეზონზე (ივნისი-აგვისტო) ასვლის ღირებულება კი $2,750-დან $3,750-მდე გაიზარდა.
"2025 წლის გაზაფხულის ექსპედიციისთვის უკვე დადასტურებულ ჯავშნებს ეს ცვლილებები არ შეეხება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ტურიზმის სამინისტროს სპიკერმა.
მისივე თქმით, ახალი განაკვეთები 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
ევერესტზე ასვლის სანებართვო მოსაკრებელი ნეპალის შემოსავლების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ქვეყნის ეკონომიკაში მას 4%-ზე მეტი წვლილი აქვს.
2019 წელს ნეპალის არმიამ დაიწყო მთის ყოველწლიური გაწმენდა. მათი ცნობით, სულ მცირე 5-მა ჯგუფმა შეაგროვა 119 ტონა ნაგავი, 14 ადამიანის ცხედარი და რამდენიმე ჩონჩხი. ვარაუდობენ, რომ 200-მდე ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ მთებშია.
ნეპალში მდებარეობს მსოფლიოს 14 უმაღლესი მწვერვალიდან 8, მათ შორის ევერესტი.