ძალადობის ესკალაცია არის იმის გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ პანიკაშია, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ტობიას კრამერმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გასულ კვირას, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას სასტიკად გაუსწორდნენ სამთავრობო კრიმინალები, მათ შორის ერთ-ერთი იყო ქართული ოცნების წარმომადგენელი და ე.წ პარლამენტის წევრი.
გახარია დატოვეს დასისხლიანებული, გატეხილი ძვლებით, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სამწუხაროდ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა.
გასული კვირებისა და თვეების განმავლობაში, დააკავეს, აწამეს და დააპატიმრეს 400-ზე მეტი ქართველ: პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და უბრალო მოქალაქეები.
პროტესტი, რომლის მონაწილეები ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს ითხოვენ, ქუჩაში 55-ე დღეა მიმდინარეობს. დეკემბერში ვიზიტისას, მე ვნახე ამ ადამიანების სიმამაცე. ყველა ასაკისა და პროფესიის, ახალგაზრდები და მოხუცები, მდიდრები და ღარიბები, კონსერვატორი და ლიბერალები დგანან ერთად, იბრძვიან ევროკავშირში მომავლისთვის, უფლებისთვის, წარმოადგინონ საკუთარი ქვეყანა ამ დარბაზში, ევროპარლამენტში.
საქართველოში აღარავინ არის დაცული ქართული ოცნების რეპრესიებისგან: არც ყოფილი პრემიერმინისტრი, არც პრეზიდენტი, რომელიც ერთი თვის წინ აქ წარსდგა სიტყვით.
ქართველი ხალხი არ დაშინდა და არც ჩვენ უნდა დავშინდეთ. იმიტომ, რომ ძალადობის ეს ესკალაცია არის იმის გამოხატულება, რომ ქართული ოცნება პანიკაშია, ვინაიდან მათ ვერ შეაფასეს ქართველი ხალხის ნება და ევროპული იდეის ძალა. მათ ეგონათ, რომ გააყალბებდნენ არჩევნებს და იმოქმედებდნენ რუსული გეგმით, მაგრამ ნელ-ნელა იაზრებენ, რომ ეს იყო ეშმაკთან დადებული გარიგება.
პუტინი არ ეძებს პარტნიორებს და მოკავშირეებს, ის ეძებს ვასალებს და კოლონიებს, ჩვენ ვიხილეთ სირია, რომელშიც ხელისუფლება, პუტინზე დაყრდნობით, საკუთარ ხალხს უწყობდა რეპრესიებს.
ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აქვს დრო, იმისთვის, რომ დაასრულოს ქართული კოშმარი. ევროპისა და თავისუფლების კარიბჭე ღია რჩება, მაგრამ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს საკუთარ ხალხზე ძალადობა“, - თქვა ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა.