“ქართული კოშმარის” პარტიამ თავისი ყველა ვალდებულება მიატოვა, ქართველი ხალხი არ უნდა მივატოვოთ მათ წყალობაზე, ვისაც ევროპული გზა ეზიზღება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები იმართება.
ევროპარლამენტარის თქმით, ვითარება საქართველოში სწრაფად უარესდება.
„ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მაგრამ მათი მთავრობა ძალადობით, რეპრესიებითა და ტყუილებით პასუხობს. “ქართული კოშმარის” პარტიამ თავისი ყველა ვალდებულება მიატოვა, ისინი აჩუმებენ ოპოზიციას, ავიწროებენ ჟურნალისტებს და სასტიკ ძალას იყენებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. მათი პროპაგანდა პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან არის.
ისინი საკუთარ თავს სტაბილურობის დამცველებად წარმოაჩენენ მაშინ, როდესაც ქაოსს თესავენ და საკუთარ მოქალაქეებს იღებენ სამიზნეში. თუ არაფერს არ ვიზამთ, ქართველ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია.
ევროკავშირმა უნდა გააჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს ამ რეპრესიებს. ქართველი ხალხი არ უნდა იქნას მათ წყალობაზე მიტოვებული, ვისაც ევროპული გზა ეზიზღება,” - განაცხადა კოლსმა.