პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ცენტრი მათი აქტიურობის გამო უქმდება
პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები - ნინი ლეჟავა, სალომე ნატროშვილი და მარიამ ჩაჩუა - აცხადებენ, რომ ცენტრი უქმდება, რაც დირექტორმა მათ საჯარო აქტიურობას დაუკავშირა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცენტრის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკეს.
მათი განცხადებით, დირექტორმა გამოუცხადა, რომ ცენტრი უქმდება და განმარტა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობაა.
როგორც იუწყებიან, ცენტრის დირექტორი საჯარო აქტიურობაში ევროინტეგრაციასთან და პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერას გულისხმობდა.
ცენტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგი გამოვლინება და საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქმედ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მცდელობაა.
ისინი აცხადებენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"დღეს, 21 იანვარს, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს გვაცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომლებმაც ხელი მოაწერეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენებასთან დაკავშირებით და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობის შესახებ.
ჩვენ, აღნიშნულ განცხადებაზე პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები და ხელმომწერი პირები მითითებულ ქმედებას ვაფასებთ, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული კეთილსინდისიერი თანამშრომლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგ გამოვლინებას და საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქმედ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მცდელობას. ჩვენ აღნიშნულს მივიჩნევთ სისტემის მხრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრებებისა და სხვა პოლიტიკური ნიშნით დევნისა და მარგინალიზაციის პროცესის დაწყების ღია აღიარებად.
პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ჩვენ გამოვიყენებთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში არსებული სამართლებრივი დაცვის ყველა მექანიზმს და ვიბრძოლებთ საკუთარი და ჩვენი კოლეგების უფლებების დასაცავად. ჩვენ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის ერთგულნი, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს", - თქვა ნინი ლეჟავამ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე.
ფოტო: ტვ პირველი