შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალაუფლების გადაბარებისთანავე ხელი მოაწერა ათეულობით აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ეხება თითქმის ყველაფერს საიმიგრაციო პოლიტიკიდან დაწყებული კაპიტოლიუმზე შტურმის გამო მსჯავრდებულთა შეწყალებით დამთავრებული.
პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება კანონის ძალას ატარებს, თუმცა მისი გაუქმება შესაძლებელია ასევე პრეზიდენტის განკარგულებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ამასთან, ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი განკარგულება შესაძლოა, სამართლებრივი შეფერხების წინაშე აღმოჩნდეს.
საიმიგრაციო პოლიტიკა
ეროვნული საგანგებო მდგომარეობა
დონალდ ტრამპის განცხადებით, "ამერიკის სუვერენიტეტი თავდასხმის ქვეშაა" და საჭიროა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ეს საშუალებას მისცემს მას მოიზიდოს მეტი დაფინანსება ფედერალური ბიუჯეტიდან მექსიკასთან საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად.
ამასთან, ტრამპმა გამოსცა დირექტივა, რომელიც ავალებს ოფიციალურ პირებს, განაახლონ მექსიკასთან სასაზღვრო კედლის მშენებლობა, რომელიც მან დაიწყო პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს. ეს არ არის აღმასრულებელი განკარგულება და გაურკვეველია, როგორ დაფინანსება კედლის ასაშენებლად გასაწევი ძალისხმევა.
საზღვრის დახურვა
პრეზიდენტმა სამხედროებს უბრძანა, რომ "დალუქონ საზღვრები" და ამ კონტექსტში ახსენა ნარკოტიკების შემოდინება, ადამიანებით კონტრაბანდა და დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია საზღვრის კვეთასთან.
დაბადებით მოქალაქეობა
ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება, რომლითაც დაავალა ოფიციალურ ორგანოებს, უარი თქვან დაბადებით მოქალაქეობის მინიჭებაზე მათ შვილებზე, ვინც არალეგალურად ან დროებითი ვიზით იმყოფება აშშ-ში.
ახალი განკარგულების თანახმად, დაბადებით მოქალაქეობა არ უნდა გავრცელდეს პირებზე, რომლებიც დაიბადებიან აშშ-ში, თუ:
მშობლები არ იქნებიან ამერიკის მოქალაქეები;
მშობლებს არ ექნებათ ამერიკის მუდმივი რეზიდენტობა.
თუმცა, დაბადებით მოქალაქეობის უფლება აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებითაა განმტკიცებული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტის აღმასრულებელმა განკარგულებამ ამ სფეროში რამე შეცვალოს. მიუხედავად ამისა, ტრამპის განკარგულება უკვე გასაჩივრდა ფედერალურ სასამართლოში.
ბანდებისა და კარტელების ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარება
ტრამპმა ნარკოკარტელები და კრიმინალური დაჯგუფებები საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში დაამატა.
"დარჩი მექსიკაში" და "შეიპყარი და გაათავისუფლე" (Catch and Release)
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რითაც ხელახლა მოიყვანა მოქმედებაში მისი პირველი პრეზიდენტობის პოლიტიკა - "დარჩი მექსიკაში". ამ პოლიტიკამ 70 000 არამექსიკელი თავშესაფრის მაძიებელი დააბრუნა საზღვრის მიღმა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოგვიანებით, ეს პოლიტიკა ჯო ბაიდენმა გააუქმა.
ამავე განკარგულებით, შეწყდა Catch and Release პოლიტიკა. ეს პოლიტიკა საშუალებას აძლევდა თავშესაფრის მაძიებლებს, ეცხოვრათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიდრე საიმიგრაციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა.
ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიისას "ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დეპორტაციის" დაპირებით გამოდიოდა, მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ დაპირების აღსრულება შესაძლოა, მრავალი იურიდიული და ლოგისტიკური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს.
ამავე განკარგულებით, დასრულდა ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკის ერთ-ერთი ხაზი - სპონსორობის ინიციატივა, რომელმაც საშუალება მისცა 30 000 მიგრანტს კუბიდან, ჰაიტიდან, ნიკარაგუიდან და ვენესუელიდან ამერიკაში მოხვედრილიყვნენ. ბაიდენმა ეს ინიციატივა თავის დროზე საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესამცირებლად გამოიყენა.
სიკვდილით დასჯა ზოგიერთი იმიგრანტი კრიმინალისთვის
ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება ფედერალური სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ. ეს შეეხება ნებისმიერ მძიმე დანაშაულს, რომელიც ჩადენილია "ქვეყანაში უკანონოდ მყოფი უცხოელის მიერ" და ასევე სამართალდამცავის მკვლელობაში მსჯავრდებულებს.
ლტოლვილთა განსახლება
ტრამპმა შეაჩერა ლტოლვილთა განსახლების პროგრამა, თუმცა დეტალები გაურკვეველია.
კლიმატი და ენერგია
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, აშშ ტოვებს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას. ეს საერთაშორისო შეთანხმება გლობალურ დათბობასთან ბრძოლას ითვალისწინებს.
ტრამპმა ამ შეთანხმებაზე უარი თქვა პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც. მაშინ გადაწყვეტილების ძალაში შესვლას 1 წელი დასჭირდა. მისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ბაიდენმა შეცვალა და 2021 წელს აშშ პარიზის შეთანხმებაში დააბრუნა.
შეთანხმებიდან გამოსვლას ამჯერად ნაკლები დრო დასჭირდება, რადგან ტრამპი სამწლიანი სავალდებულო პერიოდით არ იქნება შეზღუდული.
ეროვნული ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობა
ტრამპმა ენერგეტიკის სფეროში ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და პირობა დადო, რომ შეავსებს ნავთობის მარაგებს.
საინაუგურაციო სიტყვაში ტრამპმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბურღვას მეტი წიაღისეული საწვავის მოპოვებისთვის.
ალასკის საწვავი
ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას სახელწოდებით "ალასკის არაჩვეულებრივი რესურსების პოტენციალის გამოვლენის შესახებ". ეს განკარგულება განბლოკავს შტატის მხრიდან ნავთობის, გაზის და სხვა ბუნებრივი რესურსების მოპოვებას.
მწვანე გარიგების დასრულება
ტრამპმა შეაჩერა მწვანე გარიგება, რომელიც მიზნად ისახავდა მწვანე სამუშაო ადგილების გაზრდას, წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის რეგულირებას და დაბინძურების შეზღუდვას.
მისი თქმით, აშშ შეაჩერებს ქარის ელექტროსადგურების მხარდაჭერას და გააუქმებს ელექტროავტომობილებზე გადასვლის ვალდებულებას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას აშშ-ის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) გასვლის შესახებ.
ტრამპმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ COVID-19-ის პანდემიის არასწორი მართვით" და ორგანიზაციის რეფორმირების წარუმატებლობით.
სხვა მიზეზთა შორის ასევე დასახელებულია აშშ-ის უსამართლოდ მაღალი ფინანსური კონტრიბუცია სხვა ქვეყნებთან შედარებით, ისეთთან, როგორიცაა ჩინეთი.
"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვძარცვავს, ყველა ძარცვავს შეერთებულ შტატებს. ეს აღარ მოხდება", - განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის დროს.
ტრამპმა WHO-დან გამოსვლის პროცესი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დაიწყო, რადგან მისი თქმით სააგენტომ სათანადოდ ვერ უპასუხა COVID-19-ს და არ აჩვენა, რომ ჩინეთისგან დამოუკიდებელია. თუმცა, ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკან წაიღო.
მრავალფეროვნება და გენდერი
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აღიარებს მხოლოდ "ორ სქესს, მამაკაცსა და ქალს".
"ეს სქესი არ არის ცვალებადი და ეფუძნება ფუნდამენტურ და უდავო რეალობას", - თქვა მან.
აღმასრულებელი განკარგულებით, ტრამპმა დაასრულა ყველა სამთავრობო პროგრამა, პოლიტიკა, განცხადება და კომუნიკაცია, რომელიც ხელს უწყობს ან მხარს უჭერს "გენდერულ იდეოლოგიას".
ტრამპმა ასევე შეაჩერა "მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის" (DEI) ყველა პროგრამა ფედერალურ მთავრობაში - მათ უწოდა "რადიკალური და უსარგებლო".
TikTok
ტრამპმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომლითაც 75 დღით გადადო აშშ-ში ჩინური სოციალური ქსელის TikTok-ის აკრძალვის კანონის იმპლემენტაცია.
პლატფორმა ცოტა ხნით დაიხურა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, თუმცა მოგვიანებით კვლავ დაბრუნდა.
წარსულში ტრამპი მხარს უჭერდა TikTok-ის აკრძალვას, მაგრამ ახლა განაცხადა, რომ აზრი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მისი წინასაარჩევნო კამპანიის ვიდეოებმა მილიარდობით ნახვა მოიპოვა.
ტრამპის თქმით, ეს დირექტივა საშუალებას მისცემს სოციალური ქსელის მფლობელს, გაყიდოს ან დახუროს იგი.
კაპიტოლიუმის შტურმი
დონალდ ტრამპმა შეიწყალა 1 600-მდე, პირი, რომლებსაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ედებოდათ ბრალი
გადაწყვეტილების შემდეგ, ტრამპმა ოვალურ ოფისში იმედი გამოთქვა, რომ ბრალდებულები ციხის დატოვებას დაუყოვნებლიბ შეძლებენ. "ისინი უკვე დიდი ხანია, რაც ციხეში არიან". - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ "ეს ხალხი გაანადგურეს".
მთავრობის რეფორმირება
DOGE და ელონ მასკი
ტრამპმა ხელი მოაწერა დირექტივას მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) შექმნის შესახებ - ახალი საკონსულტაციო ორგანო სამთავრობო ხარჯების შემცირების შესახებ. მას ილონ მასკი უხელმძღვანელებს. ტრამპის თქმით, მასკი მიიღებს ოფისს დაახლოებით 20 თანამშრომლისთვის.
ფედერალურ მოხელეთა დაქირავების შეჩერება
ტრამპის აღმასრულებელი განკარგულებით, ფედერალურ ორგანოებს, გარდა აშშ-ის არმიისა და კიდევ რამდენიმე უწყებისა, დაევალათ შეაჩერონ ახალი თანამშრომლების დაქირავება, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია სრულად აიღებს კონტროლს მთავრობაზე.
ფედერალური თანამშრომლები ოფისში ბრუნდებიან
ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ფედერალური მუშაკები ვალდებულები არიან ოფისებში იმუშაონ. სახლიდან მუშაობის პრაქტიკა დასრულდა.
ცენზურა
ტრამპმა ხელი მოაწერა დირექტივას სახელწოდებით "სიტყვის თავისუფლების აღდგენა და ხელისუფლების ცენზურის აღკვეთა".
დირექტივით დაევალა გენერალურ პროკურორს, გამოიძიოს გარკვეული უწყებების თანამდებობის პირთა საქმიანობა. ეს უწყებებია იუსტიციის დეპარტამენტი, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია და ფედერალური სავაჭრო კომისია.
პოლიტიკური დევნა
გამოიცა აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც მიზნად ისახავს, შეწყვიტოს "მთავრობის შეიარაღებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. განკარგულებით გადაიხედება ბაიდენის პრეზიდენტობის დროის სამართალდამცავი და სადაზვერვო სააგენტოების საქმიანობა, რათა გამოავლინოს "სავარაუდო პოლიტიზირების ნებისმიერი შემთხვევა" და გამოსცეს რეკომენდაცია "გამოსასწორებელი ქმედებებისთვის".
ბაიდენის პოლიტიკის გადახედვა
"ამერიკელი უპირველეს ყოვლისა"
ტრამპმა განაცხადა, რომ 90 დღით წყვეტს საგარეო დახმარების პროგრამებს, რათა გადაიხედოს და დადგინდეს მათი მიზანშეწონილობა. თეთრი სახლის სპიკერის ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, ეს არის ახალი საგარეო პოლიტიკის "ამერიკელი უპირველეს ყოვლისა", ნაწილი.
კუბა
ტრამპმა შეცვალა ბაიდენის გადაწყვეტილება და კუბა ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების სიაში დააბრუნა.
რეგულაციების გაყინვა
აღმასრულებელი განკარგულებით, დაევალათ ფედერალურ სააგენტოებს, შეაჩერონ ახალი რეგულაციების შემოღება, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია სრულად აიღებს კონტროლს მთავრობაზე.
არავაქცინირებული ფედერალური მოხელეები
ტრამპმა გააუქმა დირექტივა, რომლის თანახმადაც ფედერალური მოხელეები ვალდებულები იყვნენ, აეცრათ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. მან პირობა დადო, რომ აღადგენს 8 000 სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვეს, რადგან მათ უარი თქვეს ვაქცინაციაზე.
ეკონომიკა
ინფლაციის დაძლევა
ტრამპმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომელიც სთხოვს აშშ-ს ყველა ფედერალურ დეპარტამენტს და სააგენტოს, გადახედონ ცხოვრების ღირებულებას. დირექტივა, რომელიც არ არის აღმასრულებელი ბრძანება, სთხოვს სააგენტოებს, იმსჯელონ საცხოვრებლის, ჯანდაცვისა და ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთების, სასურსათო პროდუქტებისა და საწვავის ხარჯების შემცირებაზე.
ტრამპი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მოხსენებების წარდგენისთვის, ფედერალურ უწყებებს 30-დღიან ვადას აძლევს. გაუგებარია, როგორ აპირებს ტრამპის ადმინისტრაცია ამ ხარჯების შემცირებას - ეს დეტალურად არ არის აღწერილი დირექტივაში.
მექსიკის ყურისთვის სახელის გადარქმევა
ტრამპმა საშინაო საკითხთა მდივანს დაავალა, უზრუნველყოს მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევა.
ამასთან, ტრამპმა დაავალა მდივანს, ალასკაში მდებარე ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს, დენალის მთას ეწოდოს მაკკინლის მთა, ამერიკის 25-ე პრეზიდენტის პატივსაცემად. ტრამპი მაკკინლის მოღვაწეობით და სატარიფო პოლიტიკით აღფრთოვანებულია.
თავდაპირველად ამ მთას მაკკინლის სახელი ერქვა, თუმცა 2015 წელს ბარაკ ობამამ მას დენალის სახელი მიანიჭა, როგორც ამას ალასკის გეოგრაფიულ სახელთა საბჭო ითხოვდა. მთას დენალის ადგილობრივმა ტომებმა შეარქვეს.