აშშ-ს მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ცოლმა, ეკატერინე ხვედელიძემ 2025 წლის 20 იანვარს საქართველოში ახალი სააქციო საზოგადოება - ლუსოლი დაარეგისტრირა. აღნიშნული ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.
საჯარო რეესტრში კომპანია ლუსოლი უკვე რეგისტრირებულია, ხოლო ეკატერინე ხვედელიძის წარმომადგენლად ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნატო ხაინდრავა არის დასახელებული.
დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის დირექტორი გელა კობერიძეა, რომელმაც თავად შეიტანა რეესტრში განაცხადი დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.
კომპანიის განთავსებული კაპიტალის მოცულობა, საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციით, 100 000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი - 25 000 ლარს შეადგენს.
კომპანიის მმართველ ორგანოს სამეთვალყურეო საბჭო წარმოადგენს, რომლის წევრებიც ნუგზარ დეკანოიძე, ვეფხვია დვალი და შოთა კობიაშვილი არიან. რადიო თავისუფლების ცნობით, ნუგზარ დეკანოიძე, ამავდროულად, საფეხბურთო კლუბი საჩხერის ჩიხურას და ბიძინა ივანიშვილის კომპანიების მეცხრე არხის დირექტორია.
ცნობისთვის, აქამდე, ბიძინა ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა, უტა ივანიშვილმა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ მამის სანქცირებიდან 4 დღეში იაპონიიდან საქართველოში ახალი კომპანია - სააქციო საზოგადოება ატუ ჰოლდინგი დაარეგისტრირა.
საჯარო რეესტრის ვებსაიტზე განთავსებული დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის 100%-იან წილს სწორედ უტა ივანიშვილი ფლობს, ხოლო კომპანიის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია. კობიაშვილი, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, საქართველოში ივანიშვილის ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია.