არ გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ მოსაზრებებს შეიცვლიან. თუ დასჭირდებათ, დღესაც და ხვალაც ტრამპს დააბრალებენ რუსეთუმეობას, ირანისტობას და პროჩინურობას ან ვიღაცისტობას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ეს აჩვენებს ამ ადამიანების არასერიოზულ მიდგომას საკუთარი ქვეყნისა და ეროვნული ინტერესებისადმი.
„საკმაოდ ირონიულია ის განცხადებები, რომლებიც სულ რამდენიმე თვის წინ, მათ შორის საქართველოს წინა პრეზიდენტის მხრიდან ისმოდა ტრამპთან დაკავშირებით, რომ ეს არის თურმე პუტინის და რუსეთის ხელდასმული პრეზიდენტი, რომ რუსეთი ჩაერია არჩევნებში და მხოლოდ ასე შეძლო ტრამპმა ხელისუფლებაში მოსვლა. ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუ ჰქონდა რაიმე ტიპის გადაკვეთა ამ ადამიანებთან, სალომე ზურაბიშვილი რას ეტყოდა მათ, ან ვის ხვდებოდა და ვის ართმევდა ხელს. რასაც ვხედავთ ხოლმე, არის ხმაურის შექმნა ძალიან მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესებით, რომ იმ მომენტში, იმ საღამოსთვის ან იმ კვირისთვის შექმნან რაღაც დღის წესრიგი და ასე გავიდნენ ფონს. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს შეიცვლიან. დღესაც და ხვალაც, თუ დასჭირდებათ, რუსეთუმეობას დააბრალებენ, თუ დასჭირდებათ, ირანისტობას და პროჩინურობას ან ვიღაცისტობას დააბრალებენ. მათი პოლიტიკური ინტერესი როცა სხვა არის, შეიცვლიან თავიანთ პოზიცებს. სწორედ ეს აჩვენებს ამ ადამიანების არასერიოზულობასა და არასერიოზულ მიდგომას საკუთარი ქვეყნისადმი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისადმი. ჩვენი მთავრი მოტივაციაა არა ის, დღეს და ხვალ რა იქნება, არამედ გრძელ ვადაში რა შეუძლება იყოს სასარგებლო საქართველოსა და ჩვენი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.