სოხუმის ცენტრალურ ბაზარში ცეცხლი გაჩნდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად ხანძარი საწყობებს გაუჩნდა. ამ დროისათვის აფხაზმა მეხანძრეებმა ხანძრის კერას მიაგნეს და მის ლიკვიდაციას ცდილობენ.
მათი ინფორმაციით, ხანძარს ხუთი მეხანძრე აქრობს. ბაზრის რაიონი სამართალდამცავებითაა გარშემორტყმული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან აფხაზ სეპარატისტთა ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა, სოხუმის ე. წ. მერი ალიას ლაბახუა და სხვები.
ხანძარი ბაზრის პირველ სართულზე გაჩნდა, ახლად გარემონტებული მეორე სართული კი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.
სოხუმის სახანძრო დაცვის ე. წ. უფროსი ტიგრან დელიბალტიანი აცხადებს, რომ ხანძრის კერა ბაზრის შემნახველი საკნების სიღრმეში გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაზარალებულები არ არიან. ზარალს მოგვიანებით დაითვლიან.