22 იანვარს ქართული დელეგაცია სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დასასწრებად გაემგზავრება. დელეგაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დელეგაციის წევრმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, იგი ევროსაბჭოს საპარლამენტიო სესიაზე 26 იანვარს მოხსენებთ გამოვა. მოხსენება ქართველი მიგრანტების უფლების დაცვას ეხება.
"მიგარაციის კომიტეტმა დამავალა, ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე გავაკეთო მოხსენება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს 39-ე წესის გამოყენებას ეხება. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, რომ მიგრანტების დეპორტი უცხო ქვეყნებიდან შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდეს. ამ წესის დარღვევა ხშირად ხდება გარკვეული ქვეყნების მხრიდან", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს საკითხის განხილვას, პარლამენტარის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა საკითხის სესიის დღის წესრიგში შეტანა.
"სტრასბურგში საქართველო-რუსეთის საკითხის განხილვა აუცილებლად მოხდება, თუმცა რა ფორმატი შეიჩევა ამისთვის, ჯერ უცნობია. შესაძლოა, მოხდეს მისი სესიის დღის წესრიგში შეტანა, ან კომიტეტების და პოლიტიკური წრების დონეზე განხილვა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში ევროსაბჭოს ზამთრის სესია 24 იანვარს გაიხსნება და 28 იანვრამდე გაგრძელდება.