"ევროკავშირი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იანვრის ბოლომდე უყრის კენჭს", - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით ევროპულ საბჭოს ევროკომისიამ მიმართა.
"ჩვენ გამოვედით წინადადებით, რომ ნაწილობრივ შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რათა საქართველოში გაცემული დიპლომატიური სამსახურის პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები შემოვიღოთ. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ინიციატივას კენჭს იანვრის ბოლოსთვის უყრიან", - თქვა კოსმა.
ევროკომისარმა ასევე ისაუბრა ევროკომისიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 100 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსების შეწყვეტაზე.
მისი თქმით, ამ თანხიდან 8.5 მილიონი ევრო სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას მოხმარდება.
"ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, 8.5 მილიონი ევრო უკვე მათზე გადავანაწილეთ. ჩვენ ასევე მზად ვართ, გადავდოთ 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო აქტივობებისთვის, რადგან ჩვენ უნდა გავაძლიეროთ რეაგირება ქართული ოცნების ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე", - თქვა ევროკომისარმა.
მარტა კოსი ასევე გამოეხმაურა საქართველოში არსებულ ვითარებას და პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეთა, აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავებას.
"საქართველოში არსებული ვითარება მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა ადვილი არ არის და შესაძლოა, შემაფერხებელ ფაქტორებს ადგილი ჰქონდეს და აქვს კიდეც. ძალიან ვწუხვარ, რომ ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციისგან დაშორებას აგრძელებს. ქართველი ხალხის არჩევანი ევროინტეგრაციის მიმართ კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და ისინი ყოველ ღამით ქუჩებში გამოდიან, რადგან მათ ნამდვილად სურთ მისი შენარჩუნება. ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სრულიად მიუღებელია", - განაცხადა მარტა კოსმა.