"ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, წინასწარი დაკავების იზოლატორთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: "თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის პატიმრებს".
მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს ბრალი ოფიციალურად დღეს, 13 იანვარს წარედგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ამაღლობელს შვიდი წლით ციხე ემუქება.