რესტორან "ბაბილოსთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთაგან ერთ-ერთმა დანიელ ბულკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, ბულკაშვილმა დაკავებისას დაზიანებები მიიღო.
"დანიელ ბულკაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებისას მიიღო დაზიანება. რამდენჯერმე ჩამარტყა ნიღბიანმა პიროვნებამ, რომელმაც დამაკავაო და პროტესტის ნიშნად მიმართა შიმშილობას. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მისი განცხადებით, მის მიმართ რაიმე გადამეტებას ადგილი არ ჰქონია პოლიციის მხრიდან. დაკავებულები არიან, როგორც მითხრეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით, რაც ნიშნავს წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მუხლები რასაც ედავებიან, მე მათ ვკითხე, რაიმე მოწოდება, გაფრთხილება იყო თუ არა პოლიციის მხრიდან, რომ რაღაც ემოქმედათ, პოლიციის მხრიდან არ ყოფილა. პირდაპირ მოხდა მათი დაკავება და დაკავება მოხდა, როდესაც ფაქტობრივად დაიმარტოხელეს", - თქვა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, 12 იანვარს რესტორან "ბაბილოში" მოსამართლეთა კორპორაციული წვეულება გაიმართა. წვეულების პარალელურად შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. წვეულების დასრულების შემდეგ, მოსამართლეებს შენობის დატოვება პოლიციელთა კორდონის დახმარებით მოუწიათ. ადგილზე პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა.