დემოკრატიის კვლევის ცენტრი ეხმიანება 2025 წლის 11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც საპოლიციო ძალებმა 20-მდე აქციის მშვიდობიანი მონაწილე დააკავა. მათი ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყველას აქვს პირადი თავისუფლების უფლება. ადამიანის დაკავება დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად და დაკავება არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს. დემოკრატიის კვლევის ცენტრის შეფასებით, ბოლო რამდენიმე თვის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, პოლიციელთა მხრიდან დემონსტრანტთა დაკავება თვითნებურად, კანონმდებლობის უხეში დარღვევით განხორციელდა. თითქმის არც ერთ შემთხვევაში, სახეზე არ იყო დაკავების კანონიერი საფუძველი. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა უმრავლესობა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია - მათ აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებებიც. ადვოკატებს კვლავ შეექმნათ დაკავებულებთან კომუნიკაციის ბარიერი - ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ მიეღოთ დაკავებულების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა, რომ ჟურნალისტები პირდაპირ წარმოადგენდნენ სამართალდამცავთა სამიზნეს. მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში ჟურნალისტებზე თავდასხმის, ფიზიკური ანგარიშსწორების, უკანონო დაკავებისა და მათ წინააღმდეგ აქტიური სპეციალური საშუალებების მიზანმიმართული გამოყენების 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ თვალსაზრისით, არც 11-12 იანვრის პროტესტი იყო გამონაკლისი. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე, სწორედ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, აქციის გაშუქების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, განსაკუთრებული დაცვის ქვეშ ის ჟურნალისტები ექცევიან, რომლებიც ავლენენ ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. საქმიანობიდან გამომდინარე, ჟურნალისტები არ უნდა გახდნენ უკანონო დაკავების ან/და სისხლის სამართლებრივი დევნის მსხვერპლი.
12 იანვარს, გვიან ღამით ორჯერ - თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით (კედელზე სტიკერის გაკვრის გამო) - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით (ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ხოლო მოგვიანებით, სისხლის სამართლის წესით დააკავეს ,,ბათუმელების“ დამფუძნებელი და რედაქტორი მზია ამაღლობელი. სავარაუდოდ, მას ბრალი წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში დაკავებულთა შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. თითქმის ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლითაა დაკავებული.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები - ადამიანის უფლებების სრული უგულებელყოფა (საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევისა და მწვავე რეპრესიული პოლიტიკის გზით), ცხადყოფს, რომ ,,ქართული ოცნების“ მთავარ მიზანს ადამიანებში შიშის დანერგვა და ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის/განსხვავებული აზრის გაქრობა წარმოადგენს.
ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRI) ავრცელებს