ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც კვირას, 12 იანვარს გაიმართა, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ზორან მილანოვიჩმა გაიმარჯვა.
წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, მას ხმა მისცა ამომრჩეველთა 78 პროცენტმა, ხოლო მის ოპონენტს, მეცნიერების, განათლებისა და სპორტის ყოფილ მინისტრს დრაგან პრიმორაკს - 22 პროცენტმა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ხორვატმა მკვლევარებმა ინფორმაციის მდგრადობის ცენტრთან (CIR) თანამშრომლობით აღმოაჩინეს პროკრემლისტური დეზინფორმაციული კამპანიის ნიშნები ბოტების დიდი ქსელის გამოყენებით, რომლებიც მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ მუშაობდნენ.
„პრორუსული, ანტი-ევროკავშირის და ნატოს საწინააღმდეგო ბოტები მუდმივად აქებენ და მხარს უჭერენ ამჟამინდელ პრეზიდენტს ზორან მილანოვიჩს, ასევე ავრცელებენ ანტი-ევროკავშირის და ნატოს საწინააღმდეგო გზავნილებს“, - ნათქვამია ლონდონში დაფუძნებულ CIR-ის ანგარიშში.
პირველ ტურში, რომელი 29 დეკემბერს გაიმართა, მილანოვიჩს 1% დააკლდა მეორე ვადით ასარჩევად. პირველ ტურში პრიმორაკმა 19.4% მოიპოვა. პირველ ტურში სულ რვა კანდიდატი მონაწილეობდა, დანარჩენმა ექვსმა ხმათა 10%-ზე მეტი ვერ მიიღო.
ზორან მილანოვიჩი პრეზიდენტის პოსტს 2020 წლიდან იკავებს. 2016 წლამდე იგი ხორვატიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ხელმძღვანელობდა. იგი არაერთხელ აჟღერებდა პოპულისტურ გზავნილება მემარჯვენე პოლიტიკური შეხედულებების მქონე ამომრჩეველთა მისამხრობად
მილანოვიჩი აქტიურად აკრიტიკებს კიევს, ჯერ კიდევ რუსეთის მიერ ომის გაჩაღებამდე. მან არაერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირი კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევისა და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო.