მოსამართლეებს უფლება გვაქვს, წელიწადში ერთხელ კორპორაციული საღამოზე შევიკრიბოთ - აცხადებს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც რესტორან "ბაბილოში" წვეულებას ესწრება.
"პროტესტია, უფლება არის ყველას აქვს პროტესტი გამოხატოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ სიცოცხლე და არსებობა უნდა შეწყვიტოს. მოსამართლეები ვართ არასამუშაო დროს, უფლება გვაქვს, წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ. ამიტომ ახლა პროტესტის გამოხატვა შეიძლება", - თქვა გვრიტიშვილმა.
მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, რას ფიქრობდა მოსამართლეების გადაწყვეტილებაზე პატიმრობაში დაეტოვებინათ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები.
"ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგა მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებენ მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად. ამიტომ, მე ცალკეული საქმეები არ ვიცი და არც შეიძლება ვიცოდე ჩემი კოლეგის განსახილველი. მე ვარ მოსამართლე, ასევე იუსტიციის საბჭოს წევრი და ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონისა და საქმეში არსებული კონკრეტული მტკიცებულებების გათვალისწინებით", - თქვა მან.