საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, თბილისსა და ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებებს ეხმიანება.
"დიდ ქალაქებში დემონსტრაციების 45-ე დღე, რეპრესიები ბრუნდება: დაკავებები და წამება, "ტიტუშკები" და უარი სამედიცინო დახმარებაზე. ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან ახალი არჩევნების მოთხოვნით მეტი ზეწოლა აუცილებელია", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
11 იანვრის ღამეს ბათუმში 12 ადამიანი დააკავეს. მათი ნაწილი დაკავების შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს. დაკავებულთა შორის არის "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. თბილისში დააკავეს შშმ პირთა უფლებების დამცველი გია ჯვარშეიშვილი.