"ახალი მემარჯვენეები" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ითხოვენ.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
"დევნილთა კომპაქტური საცხოვრებელი ადგილებიდან გამოსახლების ძალადობრივი და არაჰუმანური პროცესი აშკარად აჩვენებს, რომ შექმნილი კრიზისული სიტუაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის მიერ მთელი მისი საქმიანობის განმავლობაში განხორციელებული არაკომპეტენტური, გაუაზრებელი და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია და იგი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყენებული. ამავე დროს, მინისტრის ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განიხილონ", - აღნიშნა კაციტაძემ.
ამასთან, "მემარჯვენეები" ხელისუფლებას მათ მიერ შემუშავებულ გეგმას ახსენებენ, რომლის მიხედვითაც დევნილთა ჩასახლებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დაცლის პირას მყოფ სოფლებში მათთვის შესაბამისი კომპენსაციის შეთავაზებით და გამართული საოჯახო მეურნეობების უზრუნველყოფით უნდა მომხდარიყო.
"ამ გზით მოხერხდებოდა დევნილთა თავისუფალი არჩევანის გათვალისწინებაც და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა სოფლის შენარჩუნებასა და გაცოცხლებაში. იქნებოდა ბუნებრივი სოფლის მეურნეობის განვითარების სტიმულირებისთვისაც და საკითხის სახელმწიფოებრივად გადაწყვეტის თვალსაზრისითაც და არა ის აბსოლუტურად გაუგებარი, ხელოვნური პროცესი, რომელსაც ხელისუფლება ბურების ჩამოსახლების სახით გვთავაზობს", - აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ ამ ადამიანებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ჩასახლების ადგილებშიც შენარჩუნებოდათ სახლებიც და საოჯახო მეურნეობაც.
"ახალი მემარჯვენეები" მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს დევნილთა რბევა-გამოსახლების პროცესი; სასწრაფოდ იქნას შესწავლილი ინფორმაცია მიგრაციულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ და შესაბამისად გაირკვეს სად შეიძლება თავისუფალი არჩევანის შეთავაზებით დევნილთა განსახლება; მოძიებულ იქნას სათანადო სახსრები ამ ადგილებში დევნილთათვის საცხოვრებელი სახლის, მიწის ნაკვეთის გამოსაყოფად და შესაბამისი მცირე მეურნეობის მოსაწყობად; პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ საერთაშორისო საზოგადოების ფართო მონიტორინგის ქვეშ;
ამასთან, "მემარჯვენეები" მზადყოფნას აცხადებენ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გააცნონ დევნილთა პრობლემის მოგვარების ხედვა.