ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო - თქვა პროევროპულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ონისე ცხადაძემ სასამართლო სხდომაზე, სადაც მისი და კიდევ 10 ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილება.
"მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი და "დიფ სთეითის" 14%-იანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე ონისე "მალადოი". დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზიციით. მიუხედავად იმისა, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არ მაინტერესებს დამტოვებთ თუ არა პატიმრობაში ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო ქვეყნისთვის. რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებებს, მე მაქვს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება ნანახი, სადაც ჩანს ბოთლის სროლა და არის ე.წ. ფერი, კვამლს რომ უშვებს მაგის პატარა კაფსულის სროლა და ისე ცუდად ვისვრი, რომ ლამის ფეხში გავირტყი და გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით დამაჯარიმოთ.
ჩემს ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა. ანუ, თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ცოტათი დამნაშავე.
გირაო თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაზღვროთ, მაგრამ მე გთხოვთ, რომ გირაო დამიწესოთ 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით. თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაშინ მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმარულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ“, - განაცხადა ცხადაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობს. ბრალდებულები არიან ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი სივაკოვი და ირაკლი ქერაშვილი.
ამ ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა, პროკურატურის შუამდგომლობით, 5 მარტამდე გადაიდო. დღეს მოსამართლე გადაწყვეტს, პატიმრობაში დარჩებიან ბრალდებულები თუ გაათავისუფლებენ საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე.
ფოტო: მთავარი არხი